პარიზში ლევილის შატოსა და მამულის სადიაგნოსტიკო სამუშაოების პრეზენტაცია გაიმართა

პარიზში, საქართველოს საელჩოს შენობაში ლევილის შატოსა და მამულის საქართველოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, სადიაგნოსტიკო სამუშაოების პრეზენტაცია გაიმართა.

ამავე პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო მამულის მომავალი ფუნქციონირების პროგრამირების განსაზღვრის მიზნით შექმნილი არქიტექტურული მისიის მიერ მომზადებული ანგარიში.

არქიტექტურულ მისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ვერსალის არქიტექტორული სკოლის პროფესორი რიშარ საბატიე, ასევე შედიან საერთაშორისო რეპუტაციის საუკეთესო ექსპერტები, პეიზაჟისტები და ინჟინრები.

არქიტექტორთა მიერ წარმოდგენილი პროექტი მოიცავს, ერთი მხრივ, ლევილის მამულის ისტორიულ, არქიტექტორულ და ტექნიკურ ანალიზს, რომელიც მამულს ტერიტორიულ-ურბანისტულ ასპექტებში გაიაზრებს და მისი განვითარების ოპტიმალურ პერსპექტივებს სახავს. მეორე მხრივ, პროექტში განსაზღვრულია მამულის მომავალი მოწყობის სტრუქტურაც. კერძოდ, მამულში ისტორიის, მეცნიერებისა და ხელოვნების ქართული აკადემიის დაარსება, რომელიც რეზიდენტებს უმასპინძლებს, და მისი ფუნქციონირების სტრუქტურები.

პრეზენტაციას, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე, საქართველოს მთავრობის წევრები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ ლევილის ამჟამინდელ მფლობელი ოჯახების წარმომადგენლები: ნათელა ჟორდანია, ირენ ციციშვილი, ნუცა თაყაიშვილი-გორდელაძისა, მიშელ რამიშვილი, ნანო სტურუა, ტიერი ბერიშვილი, თამარ ჩხენკელი, ქრისტინე ფაღავა-ბულეზი.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყო ასევე ლევილის მერი, ერიკ ბრევი. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ პროცესის დასრულებისათვის, რომელიც მრავალი წელია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები