“ბარამიძემ მითხრა, ჩემს ცოლს ენას ამოვაცლიო” – ჟვანიას მეგობარი ექსპრემიერის მკვლელობის მორიგ ვერსიაზე საუბრობს

„დროთა განმავლობაში უკვე წვრილმანებშიც გამოჩნდა, რომ მიშა ზურასთან დაპირისპირებული იყო“, – აცხადებს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეგობარი მარინა შენგელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
„ჯიხურების გაერთიანებისა“ და “მცირე და საშუალო მეწარმეთა გილდიების” დამფუძნებელი გამოცემასთან წარსულს იხსენებს და ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაზე საუბრობს.
როგორც მარინა შენგელია ინტერვიუში აცხადებს, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა წინასწარ და მიზანმიმართულად დაიგეგმა, რის შემდეგაც ერთპიროვნული მმართველობა ხელში მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდო.
„ყველაფერში, რაც კი მიზნად დავისახე და ზურაბ ჟვანიასთან ერთად განვახორციელე, სააკაშვილი გადამეღობა. მე კი თავიდან ის ზურას კადრი მეგონა. 1999 წელს, როდესაც სააკაშვილი ვაკის რაიონში კენჭს იყრიდა, ზურას მეუღლესთან, ნინო ქადაგიძესთან დავრეკე – ზურას ხათრით, სააკაშვილს დავეხმარები-მეთქი და აბაშიძეზე საქველმოქმედო სასადილო გავხსენი, ზედ სააკაშვილის პლაკატი გავაკეთებინე (მართალია, ყოველ დილით ეს პლაკატი ჩამოხეული გვხვდებოდა, მაგრამ დათა ახალაიას ვედროთი წებო მოჰქონდა და თავიდან აკრავდა). ამ სასადილოთი ხალხი კმაყოფილი იყო, ქობულეთის ქუჩაზე სასტუმრო მქონდა („არგო“) და სადილი იქიდან მომქონდა. სანდრაც კი იქ სადილობდა. როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, უფასო სასადილოების პროექტის გაგრძელება ვთხოვე, მაგრამ უარი შემომითვალა, ხოლო შემდეგ თვითონ გახსნა ვაკეში უფასო სასადილო. 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, მაშინ, როდესაც ჩემი ინიციატივით უკვე ჩამოყალიბებული იყო „პურის მცხობელთა გილდია“ , სააკაშვილმა ქავთარაძეზე, „ლეჩკომბინატის“ კიბეზე აქცია ჩაატარა და განაცხადა, პურის მცხობელთა გაერთიანება – „სოლიდარობა“ შეიქმნაო. აქაც დაგვიპირისპირდა“, – აცხადებს მარინა შენგელია.
ამავე ინტერვიუში შენგელია მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანია მიზანმიმართულად და წინასწარ მოკლეს.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კანცელარიის შენობაში მოკლეს.
„ვფიქრობ, ზურაბ ჟვანია კანცელარიაში მოკლეს, მკვლელობიდან მეორე დღეს კანცელარიის თანამშრომელმა გიორგი ხელაშვილმა თავი მოიკლა. კითხვას ვსვამ – რატომ უნდა ჩაედინა ეს? დარწმუნებული ვარ, რაღაცას შეესწრო. ეს საქმე ჩაიფარცხა. ზურას შემდეგ ბათუმის პორტი სასწრაფოდ გაიყიდა. მგონია, რომ მიშას ბიძის – თემურ ალასანიას სცენარია, მიშა ფაქტის წინაშე დააყენეს, იცოდნენ, რომ ამაზე არ გადაირეოდა. საერთოდ, მიშა ბიძამისის გავლენის ქვეშ იყო. როდესაც ის და ზურა რაღაცაზე შეთანხმდებოდნენ, მეორე დღეს ბიძის ზეგავლენით, მიშა პასუხებს ცვლიდა“, – აცხადებს მარინა შენგელია.
ამავე ინტერვიუში რესპონდენტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს იხსენებს.
„საინტერესო ფაქტია, რომ ხათუნა გოგორიშვილმა ბინა სწორედ იმ კორპუსში შეიძინა, სადაც ზურას დედას უყიდეს ბინა“, – აცხადებს შენგელია.
აღსანიშნავია, რომ ამავე ინტერვიუში მარინა შენგელია აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გია ბარამიძის ცოლი გაზის გაგუდვის ვერსიის შესახებ ჭორებს ხალხში ავრცელებდა.
მისი თქმით, მასთან გია ბარამიძის მეუღლემ დარეკა და მისსავე სოლარიუმში მისვლა სთხოვა. როგორც შენგელია ამბობს, იგი გია ბარამიძის ცოლთან არ მეგობრობდა.
„მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი – როგორ მეცოდება ზურა, ეს რომ ამოუტივტივდაო… ვფიქრობ, ეს ადამიანი ჩემთან სწორედ იმ მისიით იყო მოგზავნილი, რომ მსგავსი რამ ეთქვა და გავჩერებულიყავი. ეს საკითხი არ მაინტერესებს, ზურასთვის არაფერი შემიმჩნევია, მე ის მაინტერესებს, ვინ და რატომ მოკლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი-მეთქი,- ვუპასუხე. ბარამიძის ცოლი მთელ ქალაქში ავრცელებდა ამ ჭორს“, – ამბობს მარინა შენგელია.
მისივე თქმით, მან ეს ამბავი ნინო ქადაგიძე-ჟვანიას უამბო. შენგელიას ინფორმაციით, მას ამის შემდეგ გია ბარამიძემ დაურეკა.
„ჩემს ცოლს ენას ამოვაცლი, მალე ყველაფერს გაიგებო“, – უთქვამს გია ბარამიძეს მარინა შენგელიასთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები