რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულის, “საქართველოს ხმის” დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას შესახებ, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გაზეთი “კვირის პალიტრა“ არქივიდან სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, სტატიაში, რომელიც ორ ძალიან გახმაურებულ მკვლელობას შეეხება, რომელთაგან ერთ-ერთის სასამართლო პროცესზე ბიძინა კუჭავას, როგორც აზარტული მოთამაშის გვარ-სახელიც იყო ნახსენები.
2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, – 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.
თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, საკუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს. როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა… გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომლებზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია. სწორედ მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ამოტვტივდა კიდევ ერთი 2007 წელს ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ, ვაკეში მომხდარი გოჩა მაღალთაძის მკვლელობა, რომელიც აზარტული მოთამაშე იყო. 2007 წელს თბილისში, ვაკეში მომხდარი გოჩა მაღალთაძის მკვლელობისა და ნინუების მკვლელობის ხელწერა იდენტური სურათი იყო – ყველგან დაფქული წიწაკა მოყრილი და ელექტროგამათბობელი ჩართული (?!). მაღალთაძესაც სასიკვდილო ტყვია საფეთქელთან ჰქონდა ნასროლი. მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და უცნობია მისი მკვლელობის მიზეზიც.
“გოჩა მაღალთაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით. კაზინო ჰქონდა გუგულასთან ერთად…. ბიძინა კუჭავას 50. 000 დოლარი და მერაბ ჟორდანიას 69. 000 მოუგო. ჟორდანიამ შემოთვალა, რომ თურქეთის ვალში “გაარასხოდა”. კუჭავა დაიკარგა, მერე თქვა, რომ ისევ ითამაშა გოჩასთან და მოუგო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეცოდინებოდა. კუჭავას ეს ფული მისატანი აქვს მის ოჯახში… 2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე… მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო “აჭარაში”, მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი, შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო. სააბაზანოსთან გოჩა დასისხლიანებული ეგდო, თავიდან მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. მერე შევნიშნე, რომ საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. ცოლს და ყველა ახლობელს დავურეკე. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე სულ მაგას ვფიქრობ, ვინ მოკლა, ვერ წარმოვიდგენ, ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. სამორინეები რომ დაიხურა, მერე “მაზავშიკობდა”. დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,”- განაცხადა ნუცუბიძემ”, – ვკითხულობთ “კვირის პალიტრის” საარქივო სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები