სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი 1999 წელს დაბადებული ფ.ს. და 1993 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული ფ.ს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკებით ვაჭრობის და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ბრალდებით, ხოლო ო.ო. განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
“ბრალდებულებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ, ტრაილერში დამალვის გზით გადმოკვეთეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.