„ავერსი“ სასწრაფოს უხარისხო წამლების ამპულებით ამარაგებს”

სასწრაფო – სამედიცინო დახმარების სამსახური ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“ ანალგინისა და ლიდოკაინის უხარისხო ამპულების მომარაგებაში ადანაშაულებს. „ავერსი“ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც სასწრაფო – სამედიცინო ცენტრს გარკვეული დასახელების წამლებით ამარაგებს და ხარისხზე პასუხისმგებლობაც სწორედ მას ეკისრება.
ფარმაცევტული კომპანია ამპულებს თავად არ აწარმოებს და ფარმაცევტული კომპანია „ბიოფარმისგან“ ყიდულობს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციამ „ავერსს“ პრობლემის მოგვარების მიზნით წერილითაც კი მიმართა.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები აცხადებენ, გამოძახებაზე მისულები ანალგინისა და ლიდოკაინის ამპულებს ადვილად ვერ ტეხენ და წამლის დროულად გაკეთებას ვერ ახერხებენ.
„ერთ-ერთ პაციენტთან ლამის მთელი ოჯახი ცდილობდა ამპულის გატეხვას და მაინც ვერ მოხერხდა. მერე სხვა წამალი გავუკეთეთ. ბოლო ორი თვეა, ერთ-ერთი ამპულის გატეხვასთან დაკავშირებით პრობლემებია, ახალ ამპულებს, ზოგადად, აქვს ხოლმე გატეხვის წერტილი, ამ ამპულებს კი არ აქვს. მივმართეთ ოფიციალურად წერილით და არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ. ახალი წელი დაიწყო და უკვე ახალი ტენდერია გამოცხადებული, ვნახოთ, რა იქნება, შეიძლება ვერც გაიმარჯვონ“,- განუცხადეს „პრაიმტაიმს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში.
როგორც სტატიიდან ირკვევა, კომპანია „ავერსში“ პრობლემის მოგვარების მიზნით წერილის მიღებას არ უარყოფენ და განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარება წამლის შესყიდვის ფასის გაძვირების საჭიროებას აყენებდა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ეს მიუღებელი იყო. გამოცემის კითხვაზე, თუ რას აპირებს „ავერსი“ ხარვეზის გამოსასწორებლად, პასუხი იყო – არაფერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები