კახა კუკავა: „რესპუბლიკელები“ კოალიციაში ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებენ
„რესპუბლიკელები“ ძალიან სჭირდება კოალიციას. მართალია, ამ პარტიას არც რეიტინგი აქვს და არც ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ სწორედ ისინი ასრულებენ ლეღვის ფოთლის ფუნქციას კოალიციაში”, – აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი კახა კუკავა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი გამოცემასთან აღნიშნავს, კოალიცია „რესპუბლიკელების“ გამო ჩიხშია შესული. კუკავას ინფორმაციით, „რესპუბლიკელები“ კარგ ცხოვრებას უნდა „გამოემშვიდობონ“.
„არ ვიცი, ჩიხში თავად მოიმწყვდიეს თავი თუ ივანიშვილმა მოამწყვდია, მაგრამ პროტესტი რომ განაცხადონ „რესპუბლიკელებმა“, ეს ნიშნავს, რომ უნდა გამოემშვიდობონ ძალიან კარგ ცხოვრებას, რომელსაც შეეჩვივნენ სამი წლის მანძილზე. ისინი ვერასდროს, თავისი პროგრამით და ამომრჩევლებით, პარლამენტის თავმჯდომარეობაზე კი არა, უბრალო წევრობაზეც ვერ იოცნებებდნენ. მართალია კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა, „რესპუბლიკელები“ სიაში საერთოდ ვეღარ მოხვდნენ, მაგრამ არ მგონია, ასე იყოს. მსგავსი კომენტარები ეკუთვნის „ქართული ოცნების“ იმ ერთ ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და უბრალოდ გულს იფხანს.
„რესპუბლიკელები“ ძალიან სჭირდება კოალიციას. მართალია, ამ პარტიას არც რეიტინგი აქვს და არც ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ სწორედ ისინი ასრულებენ ლეღვის ფოთლის ფუნქციას კოალიციაში. ანუ, როდესაც უცხოური დელეგაცია ჩამოდის, მათ ან ლევან ბერძენიშვილი ან დავით უსუფაშვილი უნდა ანახონ. აბა, ვის შეახვედრებენ, გუგული მაღრაძეს თუ მანანა კობახიძეს?! ამიტომ ამ პარტიამ სწორედ ეს ფუნქცია შეიძინა ამ კოალიციაში. დანარჩენები კი ცივილიზებულ საზოგადოებაში სიცილს იწვევენ. ამიტომ ივანიშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ ვერაფრით შეელევა. ამას გრძნობენ „რესპუბლიკელებიც“ და ბაზარზე საკუთარ ფასს მაქსიმალურად უმატებენ. სწორედ ეს იწვევს დანარჩენების გაღიზიანებას“, – აცხადებს კახა კუკავა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.