ინგა გრიგოლია კონკრეტულ ბრალდებას ასაჯაროვებს: ჩემი გადაცემა სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „იმედზე“ მისი გადაცემების დახურვის მიზეზებზე ალაპარაკდა. ამის შესახებ ჟურნალისტი გაზეთ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
როგორც გრიგოლია ამბობს, როდესაც იგი ამერიკაში იმყოფებოდა, პატარკაციშვილების ოჯახთან ლონდონში დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და პატარკაციშვილებს მისი გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება მიაღებინეს.
„მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ მე ამერიკაში ვიყავი, დელეგაცია იყო ჩასული ლონდონში, პატარკაციშვილების ოჯახთან (სახელებსა და გვარებს არ ვიტყვი) და მათ მიაღებინეს გადაწყვეტილება ამ ადამიანებს, რომ ეს გადაცემები დაეხურათ. ვთვლი, რომ ძალიან ცუდად მოიქცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ყოფილან. ოჯახთან დაახლოებული პირები არიან. მათ შორის ერთი ჟურნალისტი იყო. თუკი რაღაცის შეცვლას აპირებ, ამის შესახებ წინასწარ უნდა მითხრა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო პოლიტიკური თუ ბიზნესინტერესების გათვლით. ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ბიზნესგარიგებაზე გაიცვალა ჩემი გადაცემა. ძალიან გაბრაზებული ვარ მაგ ოჯახზე. ძალიან ცუდად მოიქცნენ“,- განაცხადა გრიგოლიამ.