“შემზარავ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ებრძვის პატარა სიკვდილს” – რა მოხდა ჩვილ ბავშვთა სახლში?

28 ნოემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩვილ ბავშვთა სახლში, 2 წლის ბენეფიციარი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია გაზეთ “კვირის პალიტრას“ ბავშვთა სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. გამოცემასთან საუბრისას ლ.მ აცხადებს, რომ გოგონა სწორედ იმ ადამიანების დაუდევრობით გარდაიცვალა, ვისაც იმ ტრაგიკულ ღამეს მასზე და სხვა ბენეფიციარებზე უნდა ეზრუნათ. მისივე თქმით, დაწესებულების ყველა ოთახში დამონტაჟებულია კამერები და არსებობს 15-წუთიანი შემზარავი კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს…
“პირველად თქვენი მკითხველი გაიგებს იმ საზარელი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩვილ ბავშვთა სახლში დატრიალდა. ეს არის სპეციალური დაწესებულება, სადაც ბავშვები 24 საათის განმავლობაში აღმზრდელების, ექთნებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ცოტა ხნის წინ დატრიალებული უბედურება იმაზე მიუთითებს, რომ ეს ასე არ ხდება… ორი წლისა და სამი თვის გოგონა სწორედ იმ ადამიანების დაუდევრობით გარდაიცვალა, ვისაც იმ ტრაგიკულ ღამეს მასზე და სხვა ბენეფიციარებზე უნდა ეზრუნათ. ბავშვი გონებრივი განვითარებით ჩამორჩებოდა და სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა. ღამით, როდესაც ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა და მედპერსონალის დახმარება დასჭირდა, მასთან არავინ აღმოჩნდა. დაწესებულების ყველა ოთახში დამონტაჟებულია კამერები და არსებობს 15- წუთიანი შემზარავი კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს… ამ დროს აღმზრდელებსა და ექთანს, რომლებსაც მორიგეობის დროს, დებულებით, ყველა ოთახში შემოვლა და ბავშვებთან ყოფნა ევალებათ, მშვიდად ეძინათ. დაწესებულებაში ყველამ იცის, რომ ბავშვი დაუდევრობით გარდაიცვალა, მაგრამ ამაზე საუბარს ერიდებიან.
ცხედარი ექსპერტიზაზე წაიღეს, მაგრამ ჯერ პასუხი არ არის. სახალხო დამცველიც იძიებს მომხდარს. ეს საქმე რატომღაც არ გახმაურდა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ არცერთი იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ვინც იმ ღამეს მუშაობდა. მორიგე თანამშრომლებს მხოლოდ განცხადებები დააწერინეს და ვითომ საკუთარი სურვილით სამსახურიდან გაუშვეს. მაქვს ინფორმაცია, რომ ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის ინსპექტირების უფროსის, მევლუდ კუხიანიძის აქტიური მუშაობის შედეგად დირექტორმა დავით პავლიაშვილმაც დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, მაგრამ ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში მშვიდად აგრძელებდა მუშაობას… ამ დაწესებულებას ხშირად აკითხავენ ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, ბავშვები გაიყვანონ გასართობ ცენტრებში და მათ ერთი დღე მაინც გაულამაზონ. პავლიაშვილი ასეთ შემოთავაზებებზე უარს ამბობდა, მიზეზი კი ზედმეტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო… ყოფილი დირექტორის ერთადერთი მიზანი ხელფასი, სამსახურის ავტომობილი და უფასო საწვავი იყო, რომელიც არასდროს აკლდა. ბავშვებს პირველადი საჭიროების ინვენტარიც კი არ ჰქონდათ, მაგალითად, ეტლები და სპეციალური საწოლები, არადა, მას შეეძლო, მიეწოდებინა საჭირო ინფორმაცია სპეციალური ფონდისთვის და ყველაფერი მიეღო… როგორც დირექტორი, ისე სხვა თანამშრომლებიც, ხშირად აცდენდნენ სამსახურს“,-აცხადებს თანამშრომელი.
ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორის მოვალეობას ამჟამად თეა სიმონია ასრულებს. – საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
“არ ვიცი, ვიდეოკადრები აქვს თუ არა გამოძიებას, გამომძიებელს არ შევხვედრივარ. ალბათ, ექნებათ. მაშინ მე დირექტორის მოადგილე ვიყავი. ჩემი წინამორბედი დავით პავლიაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან. კამერები ჩემი ოთახიდან კონტროლდება. იმ ღამის ჩანაწერი ისეთი მძიმე იყო, ვცადე, რაღაც მომენტები არ მენახა, ძნელია ასე ხელაღებით ვინმეს დადანაშაულება. მე ექიმი არ ვარ, რომ დასკვნა გავაკეთო, მაგრამ მიჭირს იმის დაჯერება, რომ რომელიმე თანამშრომელს რაღაცის გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა… ჩემი წინამორბედი ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. პროფესიით პედიატრია. შეუძლებელია, ექიმი იყო და არ გაინტერესებდეს ბავშვების მდგომარეობა“,- აცხადებს თეა სიმონია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 28 ნოემბერს ნუცუბიძის ქუჩის ჩვილ ბავშვთა სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 07:03 წუთზე გამოიძახეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული…

წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები