“კეზერაშვილმა ლელა კილაძე უცხოეთის ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა“
კეზერაშვილმა ლელა კილაძე უცხოეთის ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ცოლთან, ლელა კილაძესთან დაშორების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემასთან საუბრისას ლელა კილაძის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, აცხადებს, რომ მომხდარში დამნაშავე თავად კილაძის ცხოვრების სტილია.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, კილაძეს მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.
კილაძის ახლობელი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ გიგი უგულავამაც შეიტყო.
რაც შეეხება კილაძეს, ახლობლის ინფორმაციით, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს.
“ყველაფერში დამნაშავე ლელას ცხოვრების სტილია. დიდი ხანია, ის და თბილისში კარგად ცნობილი ერთ-ერთი ოჯახის დედისერთა შვილი ყველგან ერთად დადიოდნენ და ახლო ურთიერთობას არც მალავდნენ… მათი სამეგობრო წრე ხშირად იკრიბებოდა, მთელი ღამის განმავლობაში “გუგუნებდნენ”, სვამდნენ… ლელას ამგვარი ცხოვრების სტილის გამო პრობლემებიც დაიწყო. მაგალითად, ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევდა. ამის გამო დედამისმა ლელა ოთხი დღით სახლშიც გამოკეტა, მაგრამ… როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ორთაჭალაში, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, ჩვეული “გუგუნისას”, როგორც ამბობენ, ლელას მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. კილაძის ახლობლები დილის 6 საათზე მიცვივდნენ კაფეში, ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით. როცა ლელა ამ დღეში ნახეს, ძალიან გამწარდნენ. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ უგულავასთან ციხეში მეგობრები მივიდნენ და ყველაფერი უთხრეს… ურჩიეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიეღო. უგულავამაც მიიღო გადაწყვეტილება და კილაძეს ოფიციალურად გაშორდა. რაც შეეხება კილაძეს, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველა ხარჯს “კეზერა” ფარავს…” ,-აცხადებს კილაძის ახლობელი.
ხმები უგულავას და კილაძის დაშორების შესახებ პერიოდულად ვრცელდებოდა. თუმცა ერთი დღით გათავისუფლებულ გიგი უგულავას ლელა კილაძე სასამართლოს კართან დახვდა, ცოლ-ქმარი ისე ემოციურად შეხვდა ერთმანეთს, რომ ხმები მათი დაშორების შესახებ მაშინვე გაქარწყლდა. მათ საახლობლო წრეშიც კი აღარავინ საუბრობდა გიგისა და ლელას დაშორების შესახებ.
ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი – ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს და ამის გამო სამუშაოდ სააკაშვილთან გადავიდა. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ. ლელა კილაძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა გახდა. ნეკა სებისკვერაძესთან ერთად ის იღებდა თბილისის კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას. ჟურნალისტები ხშირად წერდნენ, რომ გიგი უგულავა საყვარელ ქალს ყველა ახირებას უსრულებდა. ოჯახიც დაანგრია, 2009 წელს მისი ცოლად შერთვაც გადაწყვიტა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ვანო მერაბიშვილის რჩევით, დაქორწინება დროებით გადადო. ლელა კილაძე კი დეპრესიაში ჩავარდა და პარიზში
გაემგზავრა, სადაც გიგი ხშირად ჩადიოდა. დეპრესიაში მყოფ საყვარელ ქალს სიურპრიზიც კი მოუწყო – დაბადების დღეზე ვივიენ ვესტვუდის ბეწვის ქუდი აჩუქა, რომელშიც 50.000 ევრო გადაიხადა. ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა კილაძის პლასტიკური ოპერაცია.
წინააღმდეგობების მიუხედავად, ბოლოს და ბოლოს, წყვილმა იქორწინა და ვაჟიც შეეძინათ. ალექსანდრე ავსტრიის ცნობილ კლინიკაში გაჩნდა, სადაც უგულავასა და კილაძის მეგობრები სპეციალური თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. ლელას მშობიარობა სოლიდური თანხა დაჯდა. გიგის დაპატიმრების შემდეგ ლელა საჯაროდ არსად გამოჩენილა…
წყარო: “კვირის პალიტრა“