არაოფიციალური ინფორმაციით, პროკურორის სავარაუდო მკვლელი „საქართველოს ხმის“ დირექტორია

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა. გავრცელებული ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც გამოცემა წერს, თვითმკვლელობის მიზეზი გახდა ის, რომ კუჭავამ მასზე დადევნებული სამართალდამცველები შეამჩნია და მიხვდა, რომ პროკურორის მკვლელობას არავინ შეარჩენდა. ამასთან, ვარაუდობენ, რომ ბინა, სადაც მოკლული პროკურორის ცხედარი იპოვეს, სწორედ კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ნათესავები უნდა იყვნენ და მათ შორის არსებული დაძაბულობა ვალს უკავშირდებოდა.
სამართალდამცველებმა მკვლელობის ადგილიდან ამოიღეს მხოლოდ ტყვია, ხოლო მანქანიდან, სადაც კუჭავამ მოიკლა თავი, ამოღებულია მომცრო ზომის იარაღი. ამ ორ შემთხვევას – მკვლელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირს საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს.
ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

წყარო: http://primetimenews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები