გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა, – ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
“მოამბის” ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს.
ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.