დიმიტრი ქუმსიშვილი: ვაჭრობის თავისუფლების კუთხით მსოფლიოში 178 ქვეყანას შორის ვიქნებით მე-3 ქვეყანა

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობასა და პოზიტიურ ცვლილებებზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. როგორც ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს განუმარტა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია heritage foundation-ის წინასწარი შეფასებით, 2016 წელს ვაჭრობის თავისუფლების კუთხით მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის საქართველო მე-3 ქვეყანა იქნება.
„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტი.
წინასწარი შეფასებით, 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, საქართველო 4 პოზიციით გაიუმჯობესებს რეიტინგს და მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის ჩვენ ვიქნებით მე-3 ადგილზე. აქ არის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის რაოდენობრივი შეზღუდვა, ფასის მიხედვით შეზღუდვები, მარეგულირებელი შეზღუდვები, საბაჟო შეზღუდვები და მთავრობის პირდაპირი ჩარევა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა მოსახლეობისთვის დეტალურად განმარტა, რა მნიშვნელობა აქვს და რა სარგებელი მოაქვს პოზიტიურ მიღწევებს თავისუფალ ვაჭრობაში.
„იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ღია და ლიბერალური ეკონომიკა, არ გვაქვს დაბრკოლებები და ბარიერები საზღვრებზე, ის პროდუქცია, რომელიც ესაჭიროება ჩვენს მოსახლეობას, შემოდის დამატებითი გადასახადების გარეშე და ჩვენ ყველას შეგვიძლია, აღნიშნული პროდუქცია შევიძინოთ დახლებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ როცა ჩვენს ქვეყანაში გვქონდა ვალუტის დევალვაცია, ინფლაციური მომენტები, ანუ ფასების ზოგადი და საერთო ზრდა ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად მითითებულ ზღვართან ახლოს გვქონდა და სწორედ ასეთი ღია და გახსნილი სავაჭრო პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ დევალვაციასთან ერთად არ გვქონდა ინფლაციური მომენტები. ეს საერთაშორისო სარეიტიგნო ორგანიზაციამაც გვიღიარა და შესაბამისად, მსოფლიოში 178 ქვეყანას შორის ვიქნებით მე-3 ქვეყანა ვაჭრობის თავისუფლებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ექსპორტისა და იმპორტის კუთხით 2015 წელი რთული წელი იყო.
„შარშანდელი წელი ჩვენთვის არ იყო მარტივი წელი – შეგვიმცირდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი, თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი და ავხსნი რატომ. შემცირება არის მოხმარების ნაწილში და არა კაპიტალური ინვესტიციების ნაწილში. დღეს ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები განხორციელდეს ინფრასტრუქტურაში, ახალ საწარმოებში, ახალ ქარხნებში, ახალ ფაბრიკებში და ა.შ. მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანია პირველ რიგში მოხმარება – ანუ კონკრეტული ადამიანი როგორ მოიხმარს და რამდენ ფულს ხარჯავს ის ეკონომიკაში. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ დონემდე მისულები, ამიტომ ის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა ეკონომიკის ნაწილში, კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკის სიჯანსაღეზე“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მინისტრის ინფორმაციით, ექსპორტი შემცირებულია 23%-ით, იმპორტი 10%-ით, თუმცა აქ არ არის შესული C ჰეპატიტით შემოსული მედიკამენტები, რომელიც მნიშვნელოვანია.
„ექსპორტი შემცირებულია 23%-ით, იმპორტი 10%-ით, თუმცა აქ არ არის შესული C ჰეპატიტით შემოსული მედიკამენტები, რომელიც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ C ჰეპატიტსაც გავითვალისწინებთ ანუ იმას, რომ მედიკამენტების იმპორტზე ფული არ გადაგვიხდია, გამოდის, რომ იმპორტი შემცირებულია 14%-ით. სავაჭრო ბალანსი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს არის ის გადინებისა და შემოდინების სხვაობა, აისახება ჩვენს ვალუტაზე. საბოლოო ჯამში, წნეხი ჩვენს ვალუტაზე შარშანდელთან შედარებით შემცირებულია 607 მილიონი დოლარით, ანუ სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა დაახლოებით 10%-ით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად უარყოფითი სავაჭრო ბალანსისა, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ეკონომიკა და სწორ მიმართულებას ვადგავართ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები