ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა კიოლნის თავდასხმებზე კარიკატურა გამოაქვეყნა

სკანდალური პუბლიკაციებით ცნობილმა ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ ამჯერად გერმანიის ქალაქ კიოლნში ახალი წლის ღამეს ქალთა წინააღმდეგ მომხდარი ძალადობის ფაქტებზე კარიკატურა გამოაქვეყნა.
კარიკატურაზე გამოსახულები არიან ქალები, რომლებსაც მამაკაცები მისდევენ. ნახატის ზედა ნაწილში კი დაღუპული სირიელი ბავშვი, აილან კურდი მოჩანს, რომელიც ევროპაში მიმავალ გზაზე ზღვაში დაიხრჩო.
კარიკატურას აწერია: “რას გააკეთებდა პატარა აილანი, რომ გაზრდილიყო? ალბათ გერმანიაში ქალების დევნას დაიწყებდა“.
კარიკატურას სოციალურ ქსელებში უკვე მოჰყვა მკვეთრად ნეგატიური რეაქცია. ამ ნახატს მომხმარებლები უგემოვნოს უწოდებენ, ხოლო თავად ჟურნალს რასიზმსა და ისლამოფობიაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის რამდენიმე ქალაქში ახალი წლის ღამეს ქალების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებმა მიგრაციული კრიზისი კიდევ უფრო გაართულა. გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების მიგრაციული პოლიტიკით უკმაყოფილოა.  პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელთა უმეტესობა, გერმანიაში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან არიან ჩასულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები