თამაზ მეჭიაური: “გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გამო გამოწვეული აჟიოტაჟი გაუგებარია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, თამაზ მეჭიაურისთვის “გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გამო გამოწვეული აჟიოტაჟი გაუგებარია.
როგორც მეჭიაურმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიდო და მისი განახლება ყოველწლიურად ხდება.
დეპუტატის ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში “გაზპრომის“ მხარემ რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული ტრანზიტული გაზის 10%-ის ფინანსური ანაზღაურებით შეცვლის საკითხიც დააყენა. მეჭიაური ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნული შეთავაზება შეთავაზებად დარჩეს და ხელშეკრულებაში ამ კუთხით რაიმე ცვლილება არ შევიდეს. თუმცა დეპუტატი თვლის, რომ რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული ტრანზიტული გაზის 10%-ის ფინანსური ანაზღაურებით შეცვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება. მეჭიაური ამბობს, რომ აღნიშნული პროგნოზის უკან ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გააგარიშება დგას.
ამასთან, მეჭიაურის თქმით, საქართველოში შექმნილი დეფიციტის შევსება აზერიბაიჯანიდან ზამთრის სეზონზე ვერ მოხერხდება. მისვე თქმით, დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის, “გაზპრომის” მიერ მოწოდებული გაზის მეშვეობით ივსებოდა.
“ჩემთვის გაუგებარია რიგი განცხადებები, რომლებიც “გაზპრომის“ თემაზე კეთდება. აზერბაიჯანმა 2015 წლის დეკემბერში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინა რუსეთისგან, გამოდის, რომ თავად მას არ ყოფნის გაზი, დააკმაყოფილოს შიდა და გარე ბაზარი. ახლა ვიღაცები გვაიძულებენ ჩვენ კი არ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები “გაზპრომთან“, აზერბაიჯანმა შეისყიდოს თვითონ და ჩვენ მერე აზერბაიჯანისგან შევისყიდოთ გაზი. ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის, “გაზპრომის” მიერ მოწოდებული გაზის მეშვეობით ივსებოდა. ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც ამბობენ, რომ საქართველომ თავისი ენერგობაზარი უნდა დაიცვას მონოპოლიისგან“,-განუცხადა “კვირას“ თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები