მანანა კობახიძე: ელისაშვილი თავადაც ვერ ხვდება, ისეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იარაღად გამოყენებული
„ელისაშვილი თავადაც ვერ ხვდება, ისეა ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იარაღად გამოყენებული“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა და დასძინა, რომ პროკურატურის დასკვნის შემდეგ, ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
„ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სარჩელს აუცილებლად შევიტანთ. ამ საქმეზე ველოდები პროკურატურის დასკვნას, რადგან მნიშვნელოვანია, თავად პროკურატურამ თქვას, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ვჩქარობთ ელისაშვილთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შესაძლოა, არა მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივ პროცედურებზე, არამედ სხვა ტიპის პროცედურებზეც ვიფიქროთ, იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. შესაძლოა, ელისაშვილი თავადაც ვერ ხვდება, ისეა ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იარაღად გამოყენებული“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, ე.წ შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით აგორებული კამპანია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ბინძური კამპანია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის და არა მხოლოდ მათგან, მათ ინტერესებს ემთხვევა, ალბათ, ყოფილი კუდ-ის თანამშრომლების, ყოფილი ძალოვანების ინტერესებიც, ახლა რომ რაღაც არასამთავრობოები შექმნეს. ბოლშევიკური მეთოდებით „ნაციონალური მოძრაობა“, ელისაშვილი და მისი მეგობარი ჟურნალისტები ცდილობენ ბრძოლას „ქართულ ოცნებასთან“, არა მხოლოდ კობახიძესთან ან ბესელიასთან“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.