ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და პედაგოგის, თამაზ ხუციშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის მონაწილეობით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და პედაგოგის – თამაზ (თაზო) ხუციშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და გიორგი კალანდიას ავტორობით მომზადებული ორენოვანი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია.
„კატალოგში შესულია თამაზ ხუციშვილის მიერ შექმნილი პორტრეტები, ჟანრული ფერწერის, თეატრალური მხატვრობის ნიმუშები, წიგნის ილუსტრაციები და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვრის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ამ ყველაზე მასშტაბურ გამოცემაში შესულია სახელმწიფო და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრები.
საღამოზე ნაჩვენები იყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაღებული გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმი „ფერწერის დიდოსტატი“, რომელიც თამაზ ხუციშვილს ეძღვნება.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
თამაზ ხუციშვილი ქართული ფერწერის გამორჩეული წარმომადგენელია. მან სამხატვრო აკადემიაში არაერთი ახალგაზრდა ხელოვანი აღზარდა. 1996 წლიდან ასწავლის ფერწერას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის ათეულობით საბავშვო წიგნის ილუსტრატორი; გაფორმებული აქვს მრავალი ფილმი თუ სპექტაკლი. თამაზ ხუციშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მას მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები