ზურაბ ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის ოდენობის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა.

გარდა ამისა, ჯაფარიძეს ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, ჯერ არ აქვს პოზიცია, გადაიხდის თუ არა გირაოს.

„არ მაქვს ჯერ პოზიცია. ჩემი აზრით, ერთადერთი, რასაც უკავშირდება  გადაწყვეტილება, არის ჩემი დღევანდელი ბრიფინგი, სადაც ვისაუბრეთ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ადამიანების წინააღმდეგ სისტემური წამებისა და ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე. ერთადერთი ამას ვუკავშირებ, სხვანაირად ვერ ვხსნი, დღეს რა შუაში იყო ეს ამბავი, რატომ არ გააკეთეს პარასკევს?“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები