„ფიფას“ გენერალური მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
„ფიფას“ გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გასულ კვირას „ფიფას“ ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო განყოფილება ვალკესთვის ფეხბურთის სფეროში მუშაობის 9 წლის განმავლობაში აკრძალვის რეკომენდაციით გამოვიდა. გასული წლის შემოდგომაზე „ფიფასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხელოვნურად გაზრდილ ფასად ბილეთების გაყიდვასთან ვალკეს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს. აშშ-ს ხელისუფლება კი ეჭვობს, რომ ჟერომ ვალკემ 2008 წელს ორგანიზაციის ანგარიშებიდან 10 მილიონი დოლარი „ფიფას“ ყოფილი ვიცე-პრესიდენტის ჯეკ უორნერის ანგარიშზე გადარიცხა, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული.