„მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის პრობლემა არ იყოს, – და ჩვენ ამას მოვახერხებთ“

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “გაზპრომს” სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ.
კითხვაზე – იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყვით “გაზპრომის” შემოთავაზებაზე, ტრანზიტის საფასურად მოგვცეს არა ბუნებრივი აირი, როგორც აქამდე იყო, არამედ ფული, ხომ არ დაიწყებს რუსეთი სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ირანიდან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრაზეც გაჟღერდა.
“სხვათა შორის, ის მოთხოვნა, რასაც რუსეთი აჟღერებს, არის საერთაშორისო პრაქტიკა. დღეს არცერთი ქვეყანა საფასურის სახით ბუნებრივ აირს არ იღებს”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე – დღეს, ახლის გაფორმებამდე, ფაქტობრივად, არ არის ხელშეკრულება “გაზპრომთან” და როგორი ურთიერთობა გვაქვს ხელშეკრულების გარეშე, მინისტრის თქმით, დღეს ბუნებრივი აირი, ფაქტობრივად, არასანქცირებულად მოგვაქვს, რაც არასწორია. ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ეს არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად მის წინააღმდეგ.
“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაახლოებული ე.წ. ექსპერტების მოსაზრება, ზუსტად ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ეს არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად ჩემს წინააღმდეგ, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგან ეს ყველაფერი, რასაც ენერგეტიკის სამინისტრო და ამ შემთხვევაში დარგის ხელმძღვანელი – მე ვაკეთებთ, გამოწვეულია არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომ მე ვარ დღეს პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის პრობლემა არ იყოს და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე – რატომ დადის მოლაპარეკებებზე ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და არა უფრო დაბალი რგოლი, კახა კალაძის თქმით, ფაქტობრივად, ახალი პირობების ჩამოყალიბება ხდება.
“თუ რატომ, ენერგეტიკის მინისტრის დონეზე და რატომ არ ხდებოდა ეს კორპორაციის ხელმძღვანელობის დონეზე, ფაქტობრივად, ხდება ახალი პირობების ჩამოყალიბება. ეს არის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აქ გადაწვეტილებები იყო მისაღები”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე – “გაზპრომთან” ტრანზიტის სანაცლოდ ფულზე ვთანხმდებით, თუ ბუნებრივ აირზე, კალაძის თქმით, ფულზე უნდა დავთანხმდეთ.
“ფულზე უნდა დავთანხმდეთ, რა თქმა უნდა. მოლაპარაკების დასრულებამდე რაღაც გარკვეული დეტალები კიდევ გაირკვევა, რადგან შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, თუ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი კიდევ უფრო დაბალი იქნება.
“თუ ჩვენ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება გაცილებთ კიდევ უფრო დაბალი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ თემას არ განვიხილავთ. მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტზეა საუბარი და ჩვენ გვინდა, რომ დავაკმაყოფილოთ მხოლოდ და მხოლოდ ის დეფიციტი, რომელიც დღეს ჩვენ ბაზარზე გვაქვს. ეს არის 300-დან 400 მილიონამდე”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები