ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოსა და „ბლოკ-ჯორჯიას“ 48- საათიან ვადას აძლევს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მრავალგზის მოწოდებისა მხარეებისადმი, რომ კონფლიქტის გარეშე მოეგვარებინათ სიტუაცია და კლინიკა მუშაობის ნორმალურ ტემპს დაბრუნებოდა, დაპირისპირება კლინიკის თანამშრომლებსა და კლინიკის მფლობელ კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ შორის კვლავ გრძელდება. სამინისტრო 48- საათიან ვადას აძლევს მხარეებს, რათა მათ მოაგვარონ შიდა პრობლემები.
მინისტრის მოადგილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება იძულებული იქნება, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომლის პროვაიდერიც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოა, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელოს.
“მოგეხსენებათ, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს ყველა პაციენტისთვის, ვინც მას საჭიროებს. პროგრამის ფარგლებში კლინიკამ სახელმწიფოს უფასოდ გადასცა ფიბროსკანის აპარატი, რომელიც აუცილებელია C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებისათვის. იმდენად, რამდენადაც ის განსაზღვრავს ღვიძლის დაზიანების საკითხს. სახელმწიფო მუდმივ მეთვალყურეობას უწევს ყველა პროვაიდერ კლინიკას, რათა არ შეფერხდეს პროგრამის მიმდინარეობა და პაციენტისათვის დროული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება“,-განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამეგრელოს რეგიონიდან რეგისტრირებულია 1338 პაციენტი, მათ შორის, ამ დროისთვის 211 მკურნალობს.
კითხვაზე, თუ რომელ საავადმყოფოში შეიძლება მოხდეს პროგრამის გადატანა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის გადატანა შეიძლება მოხდეს ქუთაისში ან ფოთში, ან ზუგდიდის რომელიმე სხვა კლინიკაში თბილისიდან მიავლინონ ინფექციონისტი.
“ამ პროექტს ზუგდიდის ვერცერთ საავადმყოფოში ვერ განვახორციელებთ, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ლიცენზირებული ინფექციონისტიც კი არ არის, თუმცა გვაქვს ვარიანტი, რომ გადავიტანოთ ან ქუთაისში, ან ფოთში, ან ზუგდიდის რომელიმე კლინიკაში აქედან მივავლინოთ ინფექციონისტი, თუ ამისი საჭიროება იქნება, ამ პროექტს და პაციენტებს არაფერი დაემუქრება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმეს ზიანი მიადგეს იმითი, რომ ვიღაცები ერთმანეთში რაღაცას ვერ არკვევენ“,-აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.