“პოზიციას” ორგანიზებით სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, სასტუმრო „ვეძისის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.
სემინარი თემით „სოციალური ქსელების გამოყენება საზოგადოებრივი ურთიერთობისას“ ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთის The Moscow Times-ის მიმომხილველმა და ვებგვერდ ixtc.org-ის მთავარმა რედაქტორმა, ვიქტორ დავიდოფმა ჩაატარა.
„პოზიციას“ ხელმძღვანელმა, გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია. სემინარში მონაწილე სტუდენტები „პოზიციას“ საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია“ გეგმავს გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.