ლანჩხუთში ტაძარი დააზიანეს
ლანჩხუთში აგარაკის დასახლებაში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დააზიანეს. რამდენიმე პირმა ეკლესიის მინა ჩაამტვრია. როგორც ტაძრის წინამძღვარი აცხადებს, ტაძრიდან არაფერი წაუღიათ. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
“რაც შეეხება ხატებს, წაღებული არაფერი არ არის. დამტვრეულია ტაძრის ფანჯარა და გატეხილია რაღაცები. ფული აქ არ იყო და ხატისა და ჯვრის მოსურნე კაცი ამას არ იზამდა. ამ დილით პოლიციაც იყო მოსული. მთელი ორი საათი მუშაობდნენ და აიღეს თითის ანაბეჭდებიც“, – განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.