მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთი კიბერუსაფრთხოებისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ მთავრობა, მომავალ კვირას, სხვადასხვა სახელმწიფო ციფრული სერვისის მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გამოცემა Le Monde იუწყება.
გადაწყვეტილება 15 აპრილს მომხდარი მასშტაბური კიბერშეტევისა და დოკუმენტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (ANTS) სისტემიდან მონაცემების მოპარვის საპასუხოდ იქნა მიღებული.
თავდასხმის შედეგად მოიპარეს ფაილები, რომლებიც შეიცავდა პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის მომხმარებლის სახელებს, მისამართებს, დაბადების თარიღებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს და ტელეფონის ნომრებს.
მონაცემთა გაჟონვის მასშტაბებმა და იმ ფაქტმა, რომ მის სამიზნედ პერსონალურ დოკუმენტებზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყება იქცა, მწვავე რეაქცია გამოიწვია.
„სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, მაშინაც კი, თუ საქმე არ ეხება მთავრობის საიდუმლო მონაცემებს. წლის დასაწყისიდან ჩვენ დღეში დაახლოებით სამი მონაცემთა გაჟონვის შემთხვევა ვნახეთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 წლის მოზარდი ეჭვმიტანილია მასშტაბური კიბერშეტევისა და საფრანგეთის მნიშვნელოვანი სამთავრობო უწყების ელექტრონული სისტემებიდან მონაცემების მოპარვის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მოლდოვაში სამედიცინო მონაცემთა ბაზაზე მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში სამართალდამცავი ორგანოები ვარშავის უნივერსიტეტზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებენ.