რატომ თქვა უარი კულტურის სამინისტრომ პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაფინანსებაზე
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც პატრიარქის საიუბილეო თარიღს ეძღვნებოდა, ლამის ჩაიშალა.
ამის შესახებ სტატიას „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს და სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამის მიზეზი კულტურის სამინისტროს მიერ უსახსრობის გამო ღონისძიების დაფინანსებაზე უარის თქმა იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთო, ღონისძიების დასაფინანსებლად, თანხა უპრობლემოდ გამოინახა.
ილია მეორის 83 წლის იუბილისადმი დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორი „ საქართველოს კულტურის პალატა“ იყო. ორგანიზაციამ კონცერტისთვის საჭირო დაფინანსების მოთხოვნით ტრადიციულად კულტურის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებამ კონცერტის ორგანიზატორებს უარი შეუთვალა. საუბარი 100 ათას ლარზე იყო.
„თავიდან მიზეზად დასახელდა, რომ მთელი თანხა უკვე ათვისებულია, თუმცა, როდესაც პრემიერმა დარეკა და კატეგორიული ტონით ესაუბრა უწყების ხელმძღვანელს, თანხა უპრობლემოდ მოიძებნა. ჩემთვისაც და სხვა თანამშრომლებისთვისაც გაუგებარია, რატომ უთხრეს უარი. ათასი სისულელე ფინანსდება და პატრიარქისთვის დაგეგმილი ღონისძიების დასაფინანსებლად ასეთი პრინციპული პოზიცია უცნაურია“,- ყვება ინფორმირებული წყარო „პრაიმტაიმთან“ინტერვიუში.
მისივე ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი კულტურის მინისტრის მოადგილეს – მანანა ბერიკაშვილსაც პირადად ესაუბრა და სწორედ, ბერიკაშვილის მეშვეობით გამოიძებნა კულტურის სამინისტროში „არარსებული თანხა“.
საბოლოოდ სამინისტრომ ღონისძიებისთვის 82 ათას 335 ლარი გამოყო, თბილისის მერიამ კი – 82 ათას 233 ლარი.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ტრადიციულად ყოველ წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აფინანსებს.