ინტერვიუ საპატიმროდან – კრწანისის გამგებლის მოადგილე მის დაკავებას სამსახურებრივ ინტრიგებს უკავშირებს: მოვა დრო, გვარებს დავასახელებ…

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე პირველ კომენტარს აკეთებს და მის დაპატიმრებას შიდა სამსახურებრივ ინტრიგებს უკავშირებს.
აღნიშნული კომენტარი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ნანა მაისურაძემ გააკეთა, გაზეთ „პრაიმტაიმს“ მაისურაძის ადვოკატმა ზურაბ მამულაშვილმა გადასცა.
როგორც ნანა მაისურაძე ამტკიცებს, გამგეობაში მისი ყოფნა გარკვეულ პირებს არ აწყობდათ და საქმე შეუკერეს. მისივე თქმით, მოვა დრო და იგი ამ პიროვნებებს დაასახელებს.
„გამგეობაში ჩემი ყოფნა გარკვეულ პირებს არ აწყობდათ, რის გამოც შეიკერა საქმე. მოვა დრო და ამ გვარებს დავასახელებ“, – ამბობს ნანა მაისურაძე.
გარდა ამისა, გამოცემამ, ფარული ჩანაწერებიც მოიპოვა, სადაც ისმის მაისურაძისა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საუბარი, რომელიც გამგებლის მოადგილეს ინვესტორად გაეცნო და, მიწის შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ, სოლიდურ თანხას ჰპირდებოდა.
ადვოკატი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ორ კერძო პირს – მყიდველსა და გამყიდველს შორის აწარმოებდა მოლაპარაკებას. შუამავლობა კი მოხელეს კანონით არ ეკრძალება. შესაძლოა, მორალურად ეს თანამდებობისთვის შეუთავსებელი იყოს, მაგრამ არამც და არამც არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამის გამო შესაძლოა, მისთვის საყვედური გამოეცხადებინათ.
მისივე თქმით, ქრთამის აღების არანაირ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„არანაირი სახელმწიფო მიწის შესყიდვასა და დახმარებაზე ნანა მაისურაძის მხრიდან საუბარი არ ყოფილა. ის გახლდათ მხოლოდ შუამავალი ორ კერძო პირს შორის. ე. წ. ინვესტორი ცდილობდა, საუბარი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებზეც გადაეტანა და ამით გამოეჭირათ მაისურაძე.
სტატიის თანახმად, ნანა მაისურაძე 2001 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2006 წელს კი სასამართლო სისტემიდან გამოუშვეს. საუბარია 2006 წელს გახმაურებული ყაჩაღობის საქმეზე. მოსამართლე მაისურაძემ ყაჩაღობაში ბრალდებული 20 წლის დავით ბაძგარაძე უდანაშაულოდ ცნო და 9-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გამოძიებით კი დადგინდა, რომ 2005 წლის 16 დეკემბერს, დანაშაულის ჩადენის მომენტში, ბაძგარაძე ავტობუსში იჯდა და ქუთაისიდან თბბილისის მიმართულებით მგზავრობდა. ადეიშვილის პროკურატურამ კი განაჩენის გამოტანიდან ორ დღეში თანამდებობიდან გაათავისუფლა. „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბაძგარაძის ადვოკატი, თამარ აბესაძე იხსენებს, რომ მაშინ ნანა მაისურაძემ არნახულ ზეწოლას გაუძლო. არ შეუშინდა ადეიშვილის პროკურატურას და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები