ევროპარლამენტის სპიკერი პოლონეთის ხელისუფლებას ქვეყნის პუტინიზაციაში ადანაშაულებს

ევროპარლამენტის სპიკერმა მარტინ შულცმა პოლონეთის ახალი ხელისუფლების მოქმედება გააკრიტიკა. გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ვარშავა რუსეთის მოდელით მოქმედებს. შულცმა ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მიერ მედიის რეფორმირების კანონის ხელმოწერის საპასუხოდ გააკეთა.
„ვარშავის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არჩევნებზე გამარჯვება მას უფლებას აძლევს, ქვეყნის კეთილდღეობა გამარჯვებულ პარტიას დაუქვემდებაროს. ეს არის მართული დემოკრატია პუტინის სტილში, ევროპული პოლიტიკის სახიფათო პუტინიზაცია“ – განაცხადა შულცმა.
მისი თქმით, 19 იანვარს ეს საკითხი ევროპარლამენტის სხდომაზე იქნება განხილული, ვინაიდან „ასეთი პოლიტიკა საბაზისო ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება“.
7 იანვარს დუდამ ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ტელე და რადიომაუწყებლობის შესახებ. ახალი რეგულირება პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის და რადიოს მმართველობის და სადამკვირვებლო საბჭოს წევრების უფლებამოსილების დროზე ადრე შეჩერებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ახალი კანონის მიხედვით, ამ თანამდებობებზე კონკურსები აღარ გამოცხადდება – სადამკვირვებლო საბჭოს და მმართველობის წევრებს ამიერიდან პოლონეთის ხაზინის მინისტრი დანიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები