„2016 წელს ავღანეთში მდგომარეობა გართულდება“ – მედიამ ნატოს საიდუმლო მოხსენება მოიპოვა
ავღანეთთან დაკავშირებით ნატოს საიდუმლო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სფეროში ამ ქვეყანაში 2016 წელს მდგომარეობა გართულდება. ეს ავღანეთის ჯარის დაბალი ბრძოლისუნარიანობით არის გამოწვეული. ამის თაობაზე გერმანული გაზეთი „შპიგელი“ წერს.
როგორც სტატიაშია მითითებული, მრავალმილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერის მიუხედავად, არმიას თავისი ფუნქციების შესრულება არ შეუძლია. 101 ქვეითთა ქვედანაყოფიდან მხოლოდ ერთია ბრძოლისუნარიანი, ხოლო 38-ს – „სერიოზული პრობლემები აქვს“. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც მოძრაობა „თალიბანი“ განსაკუთრებით აქტიურია.
ასეევ მოხსენებაში წერია, რომ მძიმე მდგომარეობაა ავღანეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების კუთხითაც. სტატისტიკის მიხედვით, დღე-ღამეში ავღანეთში 22 სამხედრო იღუპება, ხოლო ერთ წელიწადში დანაკარგმა 8 ათასი სამხედრო შეადგინა. ასევე ადგილი აქვს მასობრივ დეზერტირობას. ჯარისკაცების ნაწილი თალიბების მხარეს გადადის. ნატოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის ბოლომდე ავღანეთში ალიანსის შეიარაღებული ძალები დარჩება. დასავლეთის სახელმწიფოებს არ სურთ, რომ ეს ქვეყანა ისევ „ტერორისტების ნაკრძალად“ გადაიქცეს.