რა შინაარსის იქნება გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული ფილმი, რომელსაც რუსეთის ტელეარხები წინასაარჩევნოდ უჩვენებენ

რეჟისორ გიორგი ხაინდრავას სერიალის – 9/11 -ის შინაარსზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან მმართველობაზეა, გაზეთმა „პრაიმტაიმმა“, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ექსკლუზიური დეტალები მოიპოვა.
გამოცემის ინფორმაციით, 24-სერიან სერიალს ეთერში წინასაარჩევნოდ გაუშვებენ და იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეებში არსებულ ვითარებას ასახავს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, მაყურებელი ნახავს, რა ხდებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორებში, როგორ აწამებდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ სერიალში არ იქნება ცნობილი ცოცხლის კადრები, ალბათ, იმიტომ, რომ ხაინდრავას ასისტენტი გიორგი ბედუკაძეა.
„ციხის კადრებზე იღებენ, ოღონდ ცოცხები და მსგავსი რაღაცები არ იქნება. აჩვენებენ, რა ხდებოდა წინასწარი დაპატიმრების კამერაში, 30-35 კაცი ერთად რომ იყო. არასამთავრობოების მისვლისას კი ყველაფერი რიგზეა. აჩვენებენ, თუ როგორ სცემენ დაკავების იზოლატორში ზედამხედველები პატიმრებს. სერიალში დიდი ყურადღება დაეთმობა ხელისუფლების მიერ მოსყიდულ და დაშანტაჟებულ მოსამართლეებს, კომპრომატების ომს, ვიდეოებს, ჩანაწერებს. ახლა მოსამართლეები, ვინც არიან, იმათზეც იღებენ, რომ აშანტაჟებს ყოფილი ხელისუფლება. ფილმის მთავარი სათქმელია, აჩვენოს ძველი მთავრობის ბინძური პოლიტიკა. პირველ ეტაპზე იმ სერიებს გაუშვებენ, სადაც მთავარი ციხეში არსებული მდგომარეობის ასახვაა. სავარაუდოდ, იწერება სცენარები ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა, გირგვლიანის მკვლელობა, კორტების საქმე, ჟვანიას საქმე“,- განუცხადეს „პრაიმტაიმს“ ინფორმატორებმა.
მათივე მტკიცებით, ფილმი უკვე იყიდეს რუსულმა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა ტელეარხებმა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მხატვრულია, კონკრეტული სცენები დოკუმენტურ მასალებს ემყარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები