მაკა ჩიჩუა: პირველი ლედის სტატუსით თავიდან ნამდვილად გამიჭირდა
პირველი ლედის სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მაკა ჩიჩუამ აღნიშნა, რომ თავდაპირველად „პირველი ლედობა“ გაუჭირდა.
„პირველი ლედის სტატუსით თავიდან ნამდვილად გამიჭირდა. თუმცა, ძალიან მალე დადებით მხარესაც მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ ამ სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა“, – აღნიშნავს მაკა ჩიჩუა.
პირველი ლედის 2016 წელს ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე აქტიურად ზრუნვას გეგმავს.
„ჩემი ინტერესები უცვლელი რჩება – მინდა ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოსა და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა საშუალება მომცა, მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება. ვფიქრობ, მათთან ერთად უფრო მიზანმიმართულად შევძლებ მოქმედებას. რამდენიმე კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაშიც ვგეგმავ ჩართვას. ჩვენს სამშობლოზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს, ვფიქრობ, ყველა ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი, საქმიანი, ლაღი ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთზე იზრუნებენ და ყველა თავის ღირსეულ ადგილს იპოვის“, – აღნიშნა ჩიჩუამ.