“რატომ რჩება 25 ათასი ბავშვი ბაღის გარეშე”
რატომ რჩება 25 ათასი ბავშვი ბაღის გარეშე – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის“ დამფუძნებელთან, ლევან ხაბეიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, “მედიატორი“ საბავშვო ბაღების კვლევას აწარმოებს.
“კანონპროექტი ბაგა-ბაღების თაობაზე, რომელიც ახლახან შემუშავდა და პარლამენტმა უნდა მიიღოს, ამბობს, რომ ერთ ოთახში ბავშვების რაოდენობა 2-3 წლის ასაკის ბავშვების ჯგუფებში არ უნდა იყოს 25-ზე მეტი, ხოლო 3-5 წლის ასალის ჯგუფები – 30 ზე მეტი. ეს თავისთავად კარგია – ბავშვებს, მაგიდაზე და ფეხზე არ უნდა ეძინოთ, მაგრამ ჩვენ აქ ვაწყდებით პრობლემას, რომელიც თუ არ მოგვარდა, 2020 წელს მივიღებთ იმას, რომ საბავშვო ბაღებში დარეგისტრირებას ვერ შეძლებს 10 ათასობით ბავშვი. 2-3 წლის ასაკის ბავშვების ჯგუფებში არ უნდა იყოს 25-ზე მეტი, ხოლო 3-5 წლის ასაკის ჯგუფები 30-ზე მეტი აღსაზრდელი, გამოდის შემდეგი რამ: დღეს არსებული ინფრასტრუქტურა იტევს მაქსიმუმ 42 ათას ბავშვს. ამის მიუხედავად, დღეს საბავშვო ბაღები იღებენ 57 ათას ბავშვზე მეტს. ანუ დღეს არსებული მდგომარეობით, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, დაახლოებით 15 ათასი ბავშვი რჩება გარეთ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეალურად, მოთხოვნა 70 ათას ბავშვზეა, გარეთ დამრჩენი ბავშვების რიცხვი 25 ათასამდე გაიზრდება“,-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“.