ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების გადახალისება წარმოადგენს
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივამა, ირაკლი კობახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მსახიობებისა და სპორტსმენების რაოდენობა მომავალ პარლამენტში, უმრავლესობის რიგებში, შემცირდება. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკადრო კუთხით გარკვეული ხარვეზები არსებობს.
“არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.
“ვადასტურებთ, რომ არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში ჩვენს რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს არ იხილავთ. აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, იზიარებენ თუ არა აღნიშნულ მიდგომებს მსახიობები და სპორტსმენები, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადახალისება, თავისთავად, მტკივნეული პროცესია, მაგრამ ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი კონსტრუქციულად გაივლის.
“ბუნებრივია, ნებისმიერი გადახალისება მტკივნეული პროცესია, თუმცა თითოეული საკადრო საკითხის გუნდურად განხილვას ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი კონსტრუქციულად გაივლის”, – განაცხადა კობახიძემ.