კიოლნის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს

გერმანიის ქალაქ კიოლნის პოლიციის უფროსი ვოლფგანგ აბერსი თანამდებობიდან გადააყენეს. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქალების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტების გამოძიების მსვლელობა გერმანიაში მკაცრად გააკრიტიკეს. შეგახსენებთ, რომ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ფაქტებს კიოლნში ახალი წლის ღამეს ჰქონდა ადგილი.
მანამდე კიოლნში და გერმანიის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სექსუალური ძალადობის ფაქტების სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. ახალი წლის ღამეს თავდასხმების შესახებ პოლიციაში უკვე 200-ზე მეტი განცხადებაა შეტანილი, მათ შორის დიდი ნაწილი – სექსუალური ძალადობის ფაქტებია.
გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 31 ადამიანის ვინაობა დაადგინა, რომლებიც თავდასხმებში მონაწილეობდნენ. მათ შორის ალჟირელები, მაროკოელები, ირანელები და სირიელები არიან. 18 ეჭვმიტანილი ლტოლვილია, რომლებიც გერმანიაში თავშესაფრის მისაღებად ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები