ნუნუკა თამაზაშვილის პირველი ინტერვიუ – რა ტრადიციები აქვთ ახალ წელს ღარიბაშვილების ოჯახს
ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს – ნუნუკა თამაზაშვილს ინტერვიუები არ უყვარს, ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი, სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული, ხშირად ჩნდება მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგრამ კომენტარისგან ყოველთვის თავს იკავებს. ნუნუკა თამაზაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, ინტერვიუ მაღალპოლიგრაფიულ გამოცემას “STEP”-ს მისცა, სადაც მისი ოჯახის საახალწლო ტრადიციებზე და საზრუნავზე ისაუბრა.
– ირაკლის სკოლიდან ვიცნობ, 2003 წელს დავქორწინდით, მე ოცი წლის ვიყავი, ირაკლი 21-ის. ისე მოხდა, რომ პირველ ახალ წელს მე და ირაკლი ერთად ვერ შევხვდით – ირაკლი ამ დროს პარიზში სწავლობდა, მე კი მასთან ერთად წასასვლელად ვიზის აღება ვერ შევძელი. ეს ეპიზოდი დღეს განსაკუთრებით ემოციურად მახსენდება, მიხარია, რომ მისი და მისი თანამოაზრეების დიდი შრომის შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს, მსგავსი პრობლემები აღარც კი გაახსენდებათ. საახალწლოდ ამაზე კარგ საჩუქარს ვერც კი ვისურვებდი.
რაც შეეხება ღარიბაშვილების ოჯახის საახალწლო ტრადიციებს და სამზადისს, ნუნუკა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ეს დრო მთელ ოჯახს უყვარს:
– საახალწლო სამზადისი ოჯახში ერთი კვირით ადრე იწყება. ეს დრო ყველას გვიყვარს, ამიტომ სიამოვნებით ვერთვებით პროცესში. როგორც წესი, ნაძვის ხის მორთვით ვიწყებთ და მთელ სახლს ბავშვების მიერ გაკეთებული სათამაშოებით ვაწყობთ. მათ წლიდან წლამდე ვინახავთ და ვუფრთხილდებით. ანდრიას განსაკუთრებით უყვარს თავისი ხელნაკეთი გაფორმებები. ახალ წელს ტრადიციულად ვხვდებით სახლში, მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით და ბავშვების ნათლობის სანლებს ვანთებთ. ველოდებით 12 საათს. ამ დროს კარზე ზარი ირეკება, ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტია, იციან, რომ თოვლი ბაბუამ საჩუქრები მოუტანა. ჩემგან და ირაკლისგან განსხვავებით, ჩვენი მშობლები შვილიშვილებს ანებივრებენ, ახალ წელს მათ ამას ვერ ვუშლი, ამიტომ ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს.
ღარიბაშვილების საახალწლო სუფრა ტრადიციულია. გოზინაყი და ჩურჩხელა მათთვის მთავარი საახალწლო ნუგბარია. როგორც ნუნუკა თამაზაშვილი აღნიშნავს, ჩურჩხელებს შემოდგომაზე აკეთებენ.
– რა თქმა უნდა, ბავშვებს სჯერათ, რომ ახალ წელს მათი სურვილები ახდება. ეს განწყობა გადამდებია. მათთან ერთად მეც ვნატრობ, ყველა ჩემი ახლობლის, მეგობრისა თუ ოჯახის წევრის ბედნიერებას, და რომ დამდეგი წელი ყველასთვის სიკეთის მომტანი იყო. თუმცა მე და ირაკლი ამ საახალწლო ეიფორიაშიც ვერ ვივიწყებთ რეალობას, ამ დროს კიდევ უფრ მძაფრდება სევდა იმ ადამიანთა გამო, ვისაც უჭირს. ირაკლის ბოლო წლების საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანების ბედი, მათი საწუხარი, კიდევ უფრო გავითავისე. ამ სიტუაციის უკეთეობისკენ შეცვლა ირაკლის მთავარი სამუშაო და გამოწვევაა.
სულ უფრო მეტს ვფიქრობ რომ მეც, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგე მათ, ვისაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ, ანდრიამ, ნიკოლოზმა და მე გადავწყვიტეთ, სოლიდარობის ფონდის ბავშვებისთვის პატარა საჩუქრები გაგვეკეთებინა. ღმერთმა ყველას აშოროს ტკივილი, განსაკუთრებით ბავშვებს.
როგორც ინტერვიუში ნუნუკა თამაზაშვილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი პირველ და ორ იანვარს ოჯახთან ატარებს.
– პირველ და ორ იანვარს ირაკლი სახლშია. ძირითად დროს ბავშვებს უთმობს. ეთამაშება, ესაუბრება, ისმენს მათ პატარა საიდუმლოებებს. ბედობაზე უკვე ჩვენი დედმამიშვილები შემოგვემატებიან, ირაკლის და, თეა, ჩემი ძმა – ლექსო, დები – ნათია, თავისი ოჯახით და ჯერ კიდევ სტუდენტი მარიამი. ალბათ ეჭვიც არ გეპარებათ, რომ ამ დიდი ოჯახის ხუთი პატარა წევრი თავდაყირა დააყენებს ყველაფერს.
წყარო: http://exclusivenews.ge