საქართველოს გამოწვევების დაძლევის გზა მეცნიერებაზე გადის

საქართველოს საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რეფორმების გატარება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების როლის ზრდა, მდგრადი განვითარებისა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველმყოფი პროცესების განხორციელება.

აღიარებულია, რომ გლობალური და ლოკალური პრობლემების დაძლევის გზა, მეცნიერების განვითარებაზე გადის.
შესაბამისად, ციფრული საქართველოს ძირითადი გამოწვევების დაძლევის, პოტენციალის გამოვლენის, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენების, სამეცნიერო გარემოს გაძლიერების მიზნით საჭიროა არსებობდეს „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“.
კვლევითი ინსტიტუტი ორიენტირებულია ახალგაზრდა სამეცნიერო ელიტის ჩამოყალიბებაზე.
კვლევითი ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობა განპირობებულია ციფრული სახელმწიფოს შექმნის, მოქალაქეების ციფრული გამოწვევების დადგენის, ელექტრონული მმართველობის სფეროში სამთავრობო პრობლემების ფორმულირების, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.
სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც:
ციფრული სახელმწიფოს განვითარების ხელშემწყობი ინსტიტუტი;
მეცნიერთა და ანალიტიკური ჯგუფების ფორმირების პლატფორმა;
სახელმწიფო მრჩეველთა ინსტიტუტი;
სახელმწიფო მარკეტინგული კვლევების განმახორციელებელი ინსტიტუტი;
ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა მხარდამჭერი ჯგუფი;
საზოგადოებრივი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ამაღლებას;
უცხოეთში მყოფი ქართული სამეცნიერო რესურსის გამოყენებისა და ქვეყნის მშენებლობაში ჩართვის პლატფორმა;
საზოგადოებრივი ფორუმი და იდეების დარგობრივი ინკუბატორი;
საქართველოში მეცნიერ-მკვლევართა გარემოს ხელშეწყობის ლობისტური ორგანიზაცია;
განათლების ექსპორტ-იმპორტის ხელშემწყობი ინსტიტუტი;

სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი მოიცავს შემდეგ მიზნებსა და ამოცანებს:

ელექტრონული მართვის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
ელექტრონული მართვის სფეროში პრაქტიკულ საქმიანობას;
სტრატეგიული მრჩევლის როლს. ელექტრონული მმართველობის განვითარების მიზნით სტრატეგიების შექმნას, განხორციელებასა და მონიტორინგს;
მეცნიერ-მკვლევართა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ზრდის მიზნით ლობისტურ საქმიანობას;
მოქალაქეების შესახებ არსებული პერსონიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას; კერძო და სახელმწიფო სექტორთან ერთობლივი თანამშრომლობით მონიტორინგს;
ინტერნეტბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის პროგრამების შემუშავებასა და განვითარების გეგმების დასახვას;
ელექტრონული დემოკრატიის ფორმირებასა და დაცვას;
ციფრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნული სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და განხორციელების ხელშეწყობას;
კიბერპოლიტიკის სტანდარტებისა და ინსტრუქციების განსაზღვრას, კიბერკონფიგურაციის მართვის კონტროლს, რეაგირების მექანიზმების მონიტორინგს;

კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებით მიღებული საზოგადოებრივი სარგებელი

ელექტრონული მმართველობის ინსტიტუტი მოწოდებულია:
შეისწავლოს სახელმწიფოს ძირითადი გამოწვევები და დასახოს გამოწვევების გადაჭრის კონკრეტული გზები;
მეცნიერ-მკვლევარების ჩართულობით უზრუნველყოს სახელმწიფოს პროგრამების ეკონომიკური ანალიზი;
შეაფასოს საზოგადოებრივი საჭიროებები და დასახოს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის გზები ;
განსაზღვროს სახელმწიფოს ძირითადი რესურსი (მათ შორის ინტერნეტ-ბაზრის);
დასახოს ელექტრონული მართვის სფეროს განვითარების გეგმები;
მოკლევადიან პერსპექტივაში გაანალიზოს მიმდინარე პროცესები;
სამეცნიერო კაპიტალის გამოყენებით დასახოს რესურსამოწურული გარემოსა და ქვეყნის განვითარების გზები.

ინსტიტუტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ქვეყნის აუთვისებელი პოტენციალისა და რესურსების წარმოჩენას, მათ შორის:
ინტერნეტბაზრის პოტენციალი;
ინტერნეტ ბიზნესგარემოს სარგებელი;
მეცნიერ-მკვლევარების რესურსი;
ელექტრონული მმართველობის დანერგვით საჯარო მმართველობითი გარემოს ტრანსფორმაცია და მართველობითი გადაწყვეტილების ეფექტიანობის ზრდით მიღებული ეკონომიკური სარგებელი;
უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალი (საექსპორტო პოტენციალი);

პრაქტიკული მიზნებით, კვლევითი ინსტიტუტი შექმნის ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობის ხელშემწყობ პლატფორმას, რომელიც:

ხელს შეუწყობს ისეთ იდეოლოგიურ პროპაგანდას, რომ სახელმწიფო სექტორის საკადრო პოლიტიკის „მოწინავე რესურსი“ გახდეს დოქტორის ხარისხის მქონე პირები;
ქვეყანაში დაამკვიდრებს სავალდებულო პრაქტიკას, იმისათვის, რომ სახელმწიფოს მმართველობით რგოლში გამოიყოს შტატი მეცნიერ-მკვლევართათვის. ასევე, საკადრო პოლიტიკის ფორმირებისას, პრიორიტეტი დოქტორის ხარისხის მქონე პირებს მიენიჭოს;
დღეს, როდესაც საუბრობენ, რომ სახელმწიფო სექტორი საჭიროებს მეცნიერ-მკვლევართა დახმარებასა და მხარდაჭერას, სწორედ დახმარება იქნება ის, რომ რესურსამოწურული პოლიტიკური გარემოს შევსება მოხდება მეცნიერ-მკვლევარებით (ამ ფორმით ქვეყანასაც დაეხმარებიან და მეცნიერებსაც);
ხელს შეუწყობს სახელმწიფოს განვითარებას, რეფორმების გატარებას, პროგრამების შემუშავებასა და სტრატეგიების ჩამოყალიებებას. იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარების ინდიკატორი არ იყოს საერთაშორისო დირექტივებისა და „დავალებების“ შესრულება.
მეცნიერ-ანალიტიკოსთა ჯგუფების შექმნით, უზრუნველყოფს განვითარების პროგრამების შემუშავებას, კვლევებზე დაფუძნებული სტრატეგიების შექმნას, საზოგადოებრივი ვალდებულებების შესრულებას, ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და რეფორმების გატარებას, ელექტრონული მმართველობითი გარემოს სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს სახელმწიფო სექტორში მეცნიერების როლისა და გავლენის ამაღლების მიმართულებით;
საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან შერჩეული ახალგაზრდა, პროდუქტიული, ინოვატორი და აქტიური მეცნიერ-მკვლევართა დაკომპლექტებით, უზრუნველყოფს სამთავრობო გარემოს შევსებას, საკადრო რესურსის გამდიდრებას, ქარიზმატული ლიდერებითა და ნოვატორული აზროვნების მმართველების წარმოჩენას;
გახდება ერთგვარი მაკონტროლებელი, იმისათვის, რომ მთავრობის საკადრო პოლიტიკის ფორმირებისას გათვალისწინებული იქნას განათლების ცენზი, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმდეს დოქტორის ხარისხის მქონე პირები, ქვეყანაში რეალურად შეიქმნას კარიერული ზრდის სისტემა, სახელმწიფო პროგრამებისა და სტრატეგიების შესრულება ნაკარნახები იქნას სამართლებრივი ვალდებულებით;
გახდება ჯანსაღი საზოგადოებრივი ორგანიზების რესურსი, რაც იქნება მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნის გარანტი;
ხელს შეუწყობს პროფესორ-მასწავლებლის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნას. აღნიშნული კი გამოიხატება გრძლევადიანი შეღავათიანი კრედიტით სარგებლობით, საჯარო სამსახურებში მმართველობით საქმიანობაში ჩართვის, ახალგაზრდა და უბინაო მეცნიერთათვის ბინათმშენებლობის საკითხების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებაში.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსების წყაროები

ხოლო კითხვაზე ბიუჯეტის რომელი წყაროებით უნდა დაფინანსდეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნა, პასუხი არის ინტერნეტ-ბაზრის პოტენციალისა და უმაღლესი განათლების ეკონომიკური პოტენციალის ათვისების ხარჯზე მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები. ასევე, ელექტრონული მართვით მიღებული ეკონომია.
ამ მიზნით, საჭიროა მხოლოდ ლეგიტიმაცია, ხოლო შემდეგ ინსტიტუტი სახელმწიფოს წარუდგენს ქვეყნის ციფრული განვითარების, აუთვისებელი პოტენციალის ათვისების გეგმებსა და სტრატეგიას.

სახელმწიფო მართველობაში მეცნიერ-მკვლევარების განსაკუთრებული როლი
მეცნიერ-მკვლევარებს გააჩნიათ ქვეყნის განვითარების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა;
მეცნიერ-მკვლევარების კომპეტენცია და უნარ-ჩვევები დარგის განვითარება-ხელშეწყობის შესაძლებლობას იძლევა;
მეცნიერ-მკვლევარები წარმოადგენენ „პოლიტიკურად სუფთა“ რესურსს;
მეცნიერ-მკვლევარები ფლობენ აუდიტორიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო გამოცდილებას;
ისინი ღრმად იცნობენ სახელმწიფოს საკვაძო საკითხებს, გააჩნიათ საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება, „დანამატებისა და პრემიების“გარეშეც ემსახურებიან სახელმწიფოს (თავის საქმეს), ავითარებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას;
მეცნიერ-მკვლევარი ხელს უწყობენ იდეების გენერირებს, შეუძლიათ საკითხის კვლევა და ანალიზი, იცნობენ საზოგადოების საჭიროებებს, შეუძლიათ სტრატეგიების შემუშავება და დარგის სტრატეგიული განვითარება;

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში „ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის“ ანალოგები მრავალრიცხოვანია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მკvლევარებისა და ინტელექტუალური რესურსის პლატფორმა იქნება პირველი, რომლის შექმნით აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ დასჭირდება „ექსპერტთა და სტრატეგიული საკითხების მცოდნე პირთა“ იმპორტი. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ინსტიტუციური საჭიროებების გამოვლენა და გადაჭრის გზების დასახვა, კვლევების ჩატარება, უცხოელ ექსპერტ-მკვლევართა ნაცვლად, ადგილობრივი მეცნიერ-მკვლევარებით გახდება შესაძლებელი.
არსებითია, რომ ბოლო ათწლეულში, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნა პირველი პრეცენდენტი იქნება, რაც დაადასტურებს სამეცნიერო გარემოზე ზრუნვას, ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა ხელშეწყობას, კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების სისტემის ფორმირებას, საზოგადოების კოორდინირების ძალისხმევას, თანამედროვე მოთხოვნებისა და ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობისკენ მიმართული გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას.

P.S. აღნიშნული მიმართულებით, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის თვალსაჩინო პროდუქტს წარმოადგენს „საქართველოს ელექტრონული მთავრობის განვითარების მარკეტინგული სტრატეგიის (2015-2020წწ)“ .

რატი აბულაძე,
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით,
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები