“თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მიიღეთ ჩვენი მილოცვა სინას მთის მთავარეპისკოპოსად თქვენს არჩევასა და მღვდელმთავრად კურთხევასთან დაკავშირებით” – ილია მეორე
“თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მიიღეთ ჩვენი მილოცვა სინას მთის მთავარეპისკოპოსად თქვენს არჩევასა და მღვდელმთავრად კურთხევასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სინას, ფარანისა და რაითის მთავარეპისკოპოსისადმი მილოცვაშია ნათქვამი.
” ყოვლადმოწყალე ღმერთმა ინება, რომ თქვენ ყოფილიყავით უძვირფასესი სიწმინდისა და მადლით განმსჭვალული ადგილის — სინას მთისა და წმინდა ეკატერინეს მონასტრის — წინამძღვარი, სულიერი მოძღვარი და მზრუნველი მამა.
უფალმა შეგაძლებინოთ ღვთივსათნო თავმდაბლობითა და მორჩილებით ბოლომდე ზიდოთ ეს საპატიო და მადლმოსილი ჯვარი.
სინას მთას, საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ერს ოდითგანვე მჭიდრო სულიერი ურთიერთობა აკავშირებს: საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქართველი სასულიერო მოღვაწე აღასრულებდა აქ ლოცვით და შრომით აღსავსე მოღვაწეობას, თარგმნიდა წმინდა წერილს, აგიოგრაფიულ და ჰომილეტიკურ ნაშრომებს, ქმნიდა ასკეტურ და ლოცვათა კრებულებს. ამ ღვაწლის ცოცხალ მოწმობას წარმოადგენს დღემდე სინას ბიბლიოთეკაში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერების მრავალფეროვნება.
მახარებს, რომ ეს სულიერი ურთიერთობა ჩვენს დროშიც გრძელდება და, ვიმედოვნებ, რომ თქვენი წინამძღვრობის ჟამს იგი კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება ქრისტეში ძმური სიყვარულის სულით.
ყოვლადწმინდა სამება — მამა, ძე და წმინდა სული — იყოს თქვენი შემწე და მფარველი.
გთხოვთ, ჩვენი სიყვარული და საუკეთესო სურვილები გადასცეთ წმინდა მონასტრის საძმოს.
პატივისცემით და ქრისტესმიერი სიყვარულით”, – წერია მილოცვაში.