რევაზ სოხაძე – “აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონებში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა”
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განახლების მიმდინარე პროცესებზე. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა.
„ყვარლის ცენტრალური სტადიონის ადგილზე იგეგმება ტექნიკური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. გამოცხადებულია სამშენებლო ტენდერი. მოეწყობა 200 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ტექნიკური ცენტრი, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და მოედნების მოვლის ტექნიკით. კომპლექსში იქნება გასახდელები, სველი წერტილები და სათავსოები,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რაც შეეხება საცურაო აუზს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მულტიფუნქციური კომპლექსების ტიპური პროექტების შემუშავება და მისი განხორციელება დამოკიდებული იქნება სამუშაო დოკუმენტაციის დასრულებასა და დაფინანსებაზე.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობებისას საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის ყველა ეტაპზე თანამშრომლობს შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან, რათა დაცული იყოს საერთაშორისო სტანდარტები. რევაზ სოხაძის თქმით, პროექტების განხილვა მიმდინარეობს ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად.
ლანჩხუთისა და თელავის სტადიონებზე საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ლანჩხუთის სტადიონისთვის განსაზღვრულია უეფას II კატეგორიის სტანდარტი, რაც ითვალისწინებს 2200-3000 მაყურებლის ტევადობას. თელავის სტადიონი კი იქნება III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი.
რევაზ სოხაძემ ახმეტის სპორტკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ მიმდინარეობს სპორტკომპლექსის ტიპური პროექტის შემუშავება, მისი განხორციელება კი დამოკიდებული იქნება სამუშაო დოკუმენტაციის დასრულებასა და დაფინანსებაზე.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა უპასუხა რუსთავის ახალი სტადიონთან დაკავშირებულ შეკითხვასაც და აღნიშნა, რომ მშენებლობა დაიწყება 2026 წლის ზაფხულში, საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე. “პროექტი ითვალისწინებს IV კატეგორიის თანამედროვე სტადიონის აშენებას, რომელიც გათვლილი იქნება 8 ათას მაყურებელზე,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.