ეკა ბესელია: დავინტერესდები, როგორ მოხდა საკმაოდ მძიმე სასჯელისგან პრეზიდენტის მეუღლის ძმის განთავისუფლება
„ეჭვი მაქვს, ალეკო ელისაშვილი თავად იყო ჩართული კორუფციაში“, – ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას თქმით, აღნიშნულის შესახებ გარკვეული ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა, ელისაშვილის მსგავსად, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს იტყვის.
„ეჭვი მაქვს, ეს ადამიანი თავად იყო ჩართული კორუფციაში და ჩვენზე თითის გამოშვერით გარკვეულ პრევენციას ახდენს საკუთარი თავის გადასარჩენად. არის ამის შესახებ გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, თუმცა აუცილებლად დავინტერესდები. მაგალითად, ხომ არ იყო მისი მხრიდან არაჯანსაღი ინტერესი გამოხატული, როდესაც საკრებულოს დეპუტატის რანგში კონკრეტული პროკურორებისგან ითხოვდა მისი ახლობლის პრობლემის მოგვარებას?! ასევე დავინტერესდები, როგორ მოხდა საკმაოდ მძიმე სასჯელისგან პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმის განთავისუფლება და ჰქონდა თუ არა ადგილი ზეგავლენით ვაჭრობას.
სხვა ფაქტებსაც გამოვიკვლევ. ეს კომისია არავის პირადი კანტორა არ არის და არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტის ან ელისაშვილის პირადი სივრცეა. მსჯავრდებულმა ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილი და ქორიძე თავად სთხოვდნენ, დაეწერათ განცხადება შეწყალებაზე და აუცილებლად განიხილავდნენ. ჰპირდებოდნენ, რომ ამ საქმეს დადებითად გადაწყვეტდნენ. გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს. ჩემთვის დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილებმა, განსაკუთრებით ჩემმა 11 წლის გოგონამ არ უსმინოს გაუგონარ ცილისწამებას მისი დედის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეპუტატმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.