გურამ გირგვლიანი: იუსტიციის საბჭოს წევრებმა ირინა ენუქიძე მეორედ მოკლეს

„ლევან მურუსიძის არჩევით იუსტიციის საბჭოს წევრებმა ირინა ენუქიძე მეორედ მოკლეს“, – აცხადებს გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც გურამ გირგვლიანი ამბობს, იგი თანდათან დარწმუნდა, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერასდროს იპოვის, მისივე თქმით, მურუსიძის დანიშვნა ამის ნათელი დასტურია.
„ლევან მურუსიძეს, ამ უნამუსო ადამიანს, საბჭოში თავისი ამფსონები ჰყავდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ აირჩევდნენ. ახლა იუსტიციის საბჭოში ათი ლევან მურუსიძეა და ათივე მათგანი იზიარებს სრულ პასუხისმგებლობას გირგვლიანის მკვლელობისა და ყველა უსამართლო, უკანონო გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოტანილი აქვს ლევან მურუსიძეს. სამწუხარო ის არის, რომ ამ უკანასკნელს ახლა უკვე განუსაზღვრელი ვადა მიენიჭა, რათა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებები, რამდენიც უნდა, იმდენი გამოიტანოს. ვინ იცის, კიდევ რამდენ ოჯახს გაამწარებს, თანაც – საქართველოს სახელით. ახლა სანდრო გირგვლიანის დედა და ყველა დახოცილი ახალგაზრდის ცოდვა არა მარტო მურუსიძის, არამედ იუსტიციის საბჭოს ათივე წევრის კისერზეა. დღეიდან, ისინი, მურუსიძესთან ერთად, ამ ტალახით გასვრილები გააგრძელებენ ცხოვრებას. დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვიპოვი. მურუსიძის დანიშვნა ამის დასტურია“, – აცხადებს გურამ გირგვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებმა მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების საქმე განიხილა და მათ ლოიალური განაჩენი გამოუტანა, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 10 წლის ვადით აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები