ეკა ბესელია: ელისაშვილმა თავისი უზნეობით „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გადააჭარბა

საპარლამენტო უმრავლსეობის წევრი ეკა ბესელია გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ირწმუნება, რომ პატიმართა საჩივრების შესახებ ოფიციალურ განცხადებებს მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უგზავნიდა და არცერთ ეტაპზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან კულუარული საუბრები არ ჰქონია.
დეპუტატი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმოწერას ასაჯაროვებს, რაც, მისი თქმით, „ფარდას ხდის“ ელისაშვილის ტყუილს, თითქოს ის მხოლოდ კოკაინის საქმეში მსჯავრდებულებით ინტერესდებოდა.
ბესელია გამოცემასთან საუბრისას ვარაუდს გამოთქვამს, რომ ელისაშვილი დედაქალაქის მერის თანამდებობას უმიზნებს და წამოწყებული კამპანიით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს.
„ელისაშვილის უტიფარი ტყუილი, რომ ვითომ მე მას ამ საქმეზე რაიმეს ვთხოვდი, მარწმუნებს, რომ ამ ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ის ცდილობს, მიბაძოს სააკაშვილს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს სააკაშვილზე გაცილებით საშიში პიროვნებაა. ვითხოვ მასთან ერთად დებატებს, რათა საზოგადოებას მისი ყალბი სახე ვანახო და ბოლომდე ჩამოვხსნა ნიღაბი.
არც ტელეფონით, არც შეხვედრაზე, ან რაიმე სხვა ფორმატით მასთან არ მისაუბრია. თუკი დამიმტკიცებს ამის საწინააღმდეგოს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და სხვა ზომებსაც მივმართო. მოიტანოს და დადოს რაიმე ფაქტი ან „ეს-ემ-ესი“, ან ჩემგან შესული სატელეფონო ზარი, ან შეხვედრის ერთი მოწმე. ელისაშვილმა თავისი უზნეობითა და სიცრუით „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გადააჭარბა.
საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეიქმნა სამართლიანი კაცის იმიჯი. მისი ეს განცხადებები მაშინვე აიტაცეს გარკვეულმა ძალებმა. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ მალევე გაჩერდა და დისტანცირება გააკეთა ამ პროცესისგან“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია არავის მოუსმენია. ბესელიას შეფასებით, მარგველაშვილის პირით მოსაუბრე მრჩევლები ცოტა არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებენ.
„პრეზიდენტს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა განცხადება, თუკი ის მართლა ფლობდა ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ამ მასშტაბის კორუფციაში არიან ჩართულნი. არცერთმა არ დაადასტურა მსგავსი შინაარსის საუბარი ალეკო ელისაშვილთან.
საინტერესოა, რატომ საუბრობს წელიწად-ნახევრის შემდეგ, თუკი ეს ინფორმაცია გაცილებით ადრე ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში გულში ინახავდა ამხელა დანაშაულს?!“, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები