რას ყვებიან საბურთალოზე ქალის მიერ მოკლული მამაკაცის თანამშრომლები და მეუღლე?
ქალის მიერ რამდენიმე დღის წინ საბურთალოზე მოკლული პაატა ხუხუას თანამშრომლები და მეუღლე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ საუბრობენ.
როგორც გამოცემა მათზე დაყრდნობით წერს, ხუხუა მკვლელობაში ბრალდებული ქალბატონის გაცნობის შემდეგ ძალიან შეიცვალა. მეტიც, მათი თქმით, მამაკაცი სამსახურში ხშირად ნაცემიც მიდიოდა.
„პაატას ბოლო პერიოდში ვერ ვცნობდი, ისე შეიცვალა. ხშირად ნაცემი მოდიოდა. როცა ვეკითხებოდი, რა მოგივიდა-მეთქი, ქალს ხელს ხომ ვერ შევუბრუნებ, ხომ არ დავარტყამ, მიყვარს და რა ვქნაო… პაატამ მას “მერსედესიც“ უყიდა. ახლა ის თანხები პაატას მშობლებმა უნდა გადაიხადონ“, – აცხადებს მოკლულის თანამშრომელი.
მოკლულის მეუღლე ყვება, რომ ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი თავად მასაც დაუკავშირდა და უთხრა, რომ 3 თვის ორსული იყო.
“18 წლის შეუღლებულები ვიყავით, მისგან კარგის მეტი არაფერი მახსენდება, ის კარგი მეუღლე და კარგი მამა იყო. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ნეტა, ყველას ასეთი ქმარი შეგვახვედროსო… ოღონდ ეცოცხლა და არაფერს დავეძებდი, ადვილი წარმოსადგენია, ჩემთვის რა მძიმე იყო ის ფაქტი, რომ ბოლოს ვიღაც ქალს გადაეკიდა, საშველს არ აძლევდა, ის ქალი მეც მირეკავდა, 3 თვის ორსული ვარო, გაყრაზეც კი დავეთანხმე, ისეთ დღეში იყო პაატა, რომ ვეუბნებოდი, თავს რამე არ მოუწიო-თქო. ერთხელ მის უფროსს დავურეკე და ვკითხე, პაატა როგორ არის-მეთქი. ბოლოს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. რაც შემეძლო, ვეხმარებოდი. ის გულით დავიტირე, მისი მშობლები პატივს მცემდნენ. დედამისი 100 წლის ბებერს დაემსგავსა უბედურებისგან“, – აცხადებს მოკლულის მეუღლე მარინა ყაზიშვილი.