მანანა კობახიძე შეწყალების კომისიის საქმეზე: არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტის რეზიდენციაში იგეგმება

„თუკი გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, კერძოდ, დეპუტატები ჯგუფურად იყვნენ გარეულნი კორუფციულ დანაშაულში, მათ შორის მე, რატომ დუმდა ამდენ ხანს და როგორც მინიმუმ, განცხადება მაინც არ გააკეთა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ გაზეთ „პრაიმტაიმს“ შეწყალების საქმის სკანდალთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძე ინტერესდება თუ რატომ დუმდა ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტი, მაშინ როდესაც იგი, ხშირად უმნიშვნელო და არააქტუალურ თემებზეც კი სპეციალურ ბრიფინგებს მართავს. დეპუტატის თქმითვე, პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც კი მოეწვია.
„მინდა ახლა თქვენი გაზეთის მეშვებით ვკითხო გიორგი მარგველაშვილს – თუკი მას ჰქონდა ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისგან (შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები), რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, კერძოდ, დეპუტატები ჯგუფურად იყვნენ გარეულნი კორუფციულ დანაშაულში, მათ შორის მე, რომელსაც ხშირად პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაც მიწევს, თუ ეს ინფორმაცია ჰქონდა, რატომ დუმდა ამდენ ხანს და როგორც მინიმუმ, განცხადება მაინც არ გააკეთა?!
მით უმეტეს, პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, ამ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც კი მოეწვია. გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ხშირად უმნიშვნელო და არააქტუალურ თემებზეც კი სპეციალურ ბრიფინგებს მართავს, რატომ დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში? მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაული პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის სტაბილურობასთან და პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა იყო, დაუყოვნებლივ მოეხდინა რეაგირება. რატომ ხმა არ ამოიღო?
გამოვიდეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტის რეზიდენციაში იგეგმება“, – აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას კობახიძემ.
როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, კონკრეტულ საქმეებზე კულუარული მოთხოვნის შესაძლებლობა პრეზიდენტთან არაერთხელ ჰქონია, თუმცა ეს არცერთხელ არ უკადრებია.
„კონკრეტული საქმეებზე რაიმე კულუარული მოთხოვნა მქონოდა, ამის შესაძლებლობა პირადად პრეზიდენტთან არაერთხელ მქონია, მაგრამ არც ერთხელ მე ეს არ მიკადრებია და არც ვიკადრებ. მაინტერესებს, კორუმპირებულ დეპუტატს რა ესაქმებოდა პრეზიდენტის დელეგაციაში?! ახლა მაინც გამოვიდეს და თქვას, რასთან გვაქვს საქმე, ასე ხომ არ შეიძლება… თუკი ჩემს ვალდებულებას, მიმემართა შეწყალების კომისიისთვის, პრეზიდენტი ზედმეტ ჩარევად თვლიდა, აეღო ტელეფონი და ერთხელ მაინც დაერეკა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს მიზანმიმართული კამპანია ძალიან საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისს“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები