23-ე სკოლაში მამაკაცმა პირველკლასელზე სექსუალური ძალადობა სცადა

14 დეკემბერს თბილისის 23-ე სკოლაში უცნობმა მამაკაცმა არასრულწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობა სცადა. საუბარია დაწყებითი კლასის მოსწავლეზე. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთ „პრაიმტაიმს“ სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა მიაწოდა.
როგორც გამოცემა მშობელზე დაყრდნობით წერს, შუახნის მამაკაცი ბავშვს გაკვეთილების მიმდინარეობის დროს საპირფარეშოსთან დახვდა და მის მიმართ სექსუალური ძალადობა სცადა, თუმცა არასრულწლოვანმა გაქცევა მოახერხა, მოგვიანებით კი მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო.
„ბავშვის მშობლები სკოლაში გაგიჟებულები მოცვივდნენ. შოკში იყვნენ. საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა სკოლის დირექტორსა და ბავშვის მშობლებს შორის, რამე რომ მომხდარიყო აგაფეთქებდითო, ეუბნებოდა გაგიჟებული კაცი. ზოგადად, ძალიან უყურადღებობაა ამ სკოლაში. სხვათაშორის, ეს ამ სკოლაში პირველი შემთხვევა არ არის. როგორც ვიცი, 2009 თუ 2008 წელსაც მოხდა დაახლოებით მსგავსი რამ, მაგრამ დირექციამ მაშინაც საგულდაგულოდ მიჩქმალა“, – ყვება გაზეთთან საუბრისას მშობელი.
„პრაიმტაიმი“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალბატონს ესაუბრა, რომელსაც შენობაში შემსვლელ-გამომსვლელთა მეთვალყურეობა ევალება. მისი თქმით, უცნობი მამაკაცი შენობაში, სავარაუდოდ, იმ დროს შევიდა, როდესაც იგი რამდენიმე წუთით საპირფარეშოში გავიდა.
„სხვა დანარჩენი, რა და როგორ მოხდა, უკვე არ ვიცი. მე, რომ კართან დავბრუნდი, ის თურმე უკვე შენობაში იმყოფებოდა. არ ვიცნობ, მაგრამ როდესაც გამომძიებლებმა ფოტო მანახეს, მივხვდი, რომ სკოლის გარე პერიმეტრზე თვალი მაქვს მოკრული“, – აღნიშნა თანამშრომელმა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, იმ დღეს სკოლაში მანდატურიც ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა საეჭვო პირის გადაადგილების შესახებ არაფერი შეუნიშნავს. მომხდართან დაკავშირებით სკოლის დირექტორმა საუბარი არ ისურვა.
ამავე სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებისთვის მამაკაცის ვინაობა ცნობილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები