დიმიტრი ლორთქიფანიძე: პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს

“ელისაშვილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ამ ყველაფრის მიღმა ბინძური პოლიტიკური კამპანია იმალება“, – ამის შესახებ უფლებამდამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. როგორც ლორთქიფანიძე გამოცემასთან აღნიშნავს, ელისაშვილის მიერ აგორებული „შეწყალების სკანდალი“ მრავალაქტიანი პოლიტიკური სპექტაკლია.
მისივე თქმით, ამ საქმეში ელისაშვილი მარტო არ მოქმედებს და მის უკან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დგას. ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. მისივე აზრით, ელისაშვილმა და მარგველაშვილმა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავარ პროკურატურას თავის დროზე არ მიაწოდეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ისჯება!
„ელისაშვილის ეს განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს მრავალაქტიან პოლიტიკურ სპექტაკლთან, რომელშიც პრეზიდენტი მარგველაშვილიც ელისაშვილის სასარგებლო თამაშს თამაშობს!
თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და შეწყალების საკითხებში მისმა რწმუნებულმა ელისაშვილმა წელიწადნახევრის წინ იცოდნენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან კანონსაწინაარმდეგი ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის შესახებ წერილობით არ აცნობეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ეს აპრიორი იწვევს მარგველაშვილისა და ელისაშვილის სამართლებრივ პასუხისმგებლობას! მეტსაც გეტყვით – თუ ოფიციალურად დადასტურებულია, რომ წელიწადნახევრის წინ მარგველაშვილს პროკურატურისთვის წერილობით არ მიუმართავს, პარლამენტს შეუძლია იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს, რადგან საქმე გვაქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასთან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ისჯება!
გადახედეთ ყველა იმ პირის ბიოგრაფიას, ვინც მარგველაშვილ-ელისაშვილის მხარე დგას და დარწმუნებით, რომ ეს ნეოლიბერალური ძალების, პირვე რიგში, „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის მომხრეების მიერ წამოწყებული თამაშია. ეს არის თამაში, რომელსაც დასავლეთი უკვეთავს! ეს არის თამაში ყოველგვარი წესების გარეშე და ეს არის ხელისუფლებისთვის წელს ქვევით მიყენებული დარტყმა, რომელსაც ხელისუფლებამ ადეკვატური სამართლებრივი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს! ფაქტია, რომ ელისაშვილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და ამ ყველაფრის უკან ბინძური პოლიტიკური კამპანია იმალება! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბატონი მარგველაშვილიც და ბატონი ელისაშვილიც თავის დროზე „ღია საზოგადოება – საქართველოში“, ანუ სოროსის ფონდში მუშაობდნენ! “ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები