„ვანო ჩხარტიშვილი ლონდონში მოსამართლეს პატარკაციშვილების მიმართ საქმის წარმოების შეჩერებას სთხოვდა“

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ლონდონში მოსამართლე პიტერ სმიტს მოსარჩელე მხარის -პატარკაციშვილების მიმართ საქმის წარმოების შეჩერებას სთხოვდა. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმის“ სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემის ცნობით, ლონდონის სასამართლოში პატარკაციშვილის ოჯახმა ვანო ჩხარტიშვილს მრავალმილიონიანი საქმე საბოლოოდ მოუგო, სადავო ქონებაც დაიბრუნა და, ამასთანავე, სასამართლოს მიერ ჩხარტიშვილისთვის დაკისრებულ რამდენიმემილიონიან ფულად ანაზღაურებასაც ელოდება.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ინგლისურ საიტზე გამოქვეყნებულია მოსამართლე პიტერ სმიტის შუალედური გადაწყვეტილება ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაზე უარისთქმის შესახებ, რასაც ის მთელი რიგი გარემოებით ადასტურებს. გადაწყვეტილება 13 ნოემბრით არის დათარიღებული.
„ვანოს თქმით, მე ან უნდა დავრჩენილიყავი სამართალწარმოებაში, ან უნდა გადამედო იგი. მას იმედი აქვს, რომ პროცესს მოიგებს საქართველოში, მაშინ შესაძლებელია, მოხდეს ამ საქმეზე ხელახლა პროცესის დაწყება, მოხდეს სარჩელის შესწორება, ან უარყოფა.
2013 წელს ვანოს მხრიდან უკვე იყო მცდელობა, შეეჩერებინა სამართალწარმოება ამ იურისდიქციის ფარგლებში, რაც მარცხით დასრულდა. ვანომ დაბრკოლება შეუქმნა საქართველოს მხარეს, როდესაც შეგნებულად დაიწყო სამართალწარმოება მას შემდეგ, რაც ეს პროცესები იქნა დაწყებული. ჩემი აზრით, შესაძლო მოკლე ვადაში უნდა იქნას გამოტანილი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული ფაქტორები აჩვენებს, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა სასამართლოს შემდეგ და პრობლემები, უბრალოდ, წარმოიშვა პარალელური სამართალწარმოების მიზეზით, რომელიც მთლიანად ვანოს ბრალია.
გარდა ამისა, არ არსებობს მკაფიო მითითება იმაზე, როდის დასრულდება საქართველოს პროცედურები. დავუშვათ, რომ ვანო კარგავს ხელახალი განხილვის შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ შემდეგ ცდილობს, მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ანუ ის დროის გადაწევას ეცდება? თუ იგი მოიგებს სააპელაციო სასამართლოში და ამას მოსარჩელეები გაასაჩივრებენ, ექნებათ თუ არა უფლება მათ, დაადასტურონ რომ საქმე ისევ უნდა გადაიდოს? მართლმსაჯულება აქ ლატარიას ემსგავსება. არ ვფიქრობ, მიზანშეწონილი იყოს, ჩემი მხრიდან ბერკეტები გადავდო და დაველოდო, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს სასამართლოები. მე ვფიქრობ, რომ მაქვს მოსამართლის ვალდებულება და მოვალეობა, სწრაფად გამოვიტანო განაჩენი. შესაბამისად, უარს ვაცხადებ ვანოს განცხადებაზე“, – წერს მოსამართლე.
საბოლოო განაჩენი აღნიშნულ საქმეზე 18 დეკემბერს დადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები