„დათა ახალაიამ შემომითვალა, 10 “ტოიოტას” მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო” – რას ამბობს ე.წ. კოკაინის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი?
დათა ახალაიამ შემომითვალა, 10 “ტოიოტას” მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო – ამის შესახებ ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ბოჭორიშვილი დღეს ესპანეთში ცხოვრობს და ელისაშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, დაკავებულების სანაცვლოდ მილიონების გადახდაზე უარი წლების წინ დათა ახალაიასაც უთხრა.
„ეკა ბესელია ჩემი ადვოკატი იყო და კარგი უფლებადამცველიც გახლდათ. მაშინ მოსკოვში ჩემს ექსტრადირებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ პრობლემა მალევე ამოიწურა და გამათავისუფლეს. როდესაც ე.წ. კოკაინის საქმის სპეცოპერაცია დაიგეგმა, ბესელია უკვე პოლიტიკაში იყო, ამიტომ ადვოკატად მანანა კობახიძე ავიყვანე. გამო-ვიდა, რომ ბესელიაც და კობახიძეც ჩემი ადვოკატები იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათზე ზეწოლას ვახდენდი. კობახიძემ ეს საქმე კარგად იცის და თუ მისი მიმდინარეობით დაინტერესდა, დანაშაულია? მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით ვსვამდი კითხვებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რატომ იყვნენ უდანაშაულო ადამიანები ისევ ციხეში. მშრალ პასუხებს ვიღებდი, გამოძიება მიმდინარეობსო. ვინმესთვის ქრთამის შეთავაზება გუნებაშიც არ გამივლია. შესაძლოა, ამ ადამიანებს ახალი წელი მივულოცე ან სოციალურ ქსელში მოვიკითხე. როდესაც მიჭირდა, ისინი მეხმარებოდნენ, მათი მუშაობითაც კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ეს ელისაშვილის განცხადებასთან რა კავშირშია?!
მანანა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ჩვენი საკითხიც დააყენა და პროკურატურას კითხვა დაუსვა, მათი განხილვა რატომ ფერხდებაო. თუ ადამიანი სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, არ ნიშნავს, რომ კორუფციულ გარიგებაშია. სხვათა შორის, ალეკო ელისაშვილი და შემდეგ ზვიად ქორიძე საკუთარი ინიციატივით მივიდნენ დაკავებულებთან და დახმარება შესთავაზეს. ფულის გადახდა რომ მნდომოდა, წინა ხელისუფლებას გადავუხდიდი, როდესაც ჩემი ნათესავები სამი დღის დაკავებული ჰყავდათ.
დათა ახალაიას დავალებით მირეკავდნენ, 10 მილიონი გადაგვიხადე და შენს ნათესავებს გავათავისუფლებთო. ჩანაწერები ჟურნალისტებს წლების წინ გავუგზავნე კიდეც. ვაჭრობა-ვაჭრობაში თანხაც შეამცირეს, ბოლოს მითხრეს, თანხა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაგვირიცხე, ან ქეშად მილიონ-ნახევარი მოგვეციო“,-აცხადებს ბოჭორიშვილი.
ბოჭორიშვილის მტკიცებით, მას კოკაინთან შეხება არასოდეს ჰქონია.
“კოკაინთან შეხება არასოდეს მქონია. 2008 წელს დაზღვეული მანქანით მივდიოდი, რომელიც თურმე არასწორად ყოფილა გადაფორმებული. ამის გამო დამიჭირეს და საპროცესო 100.000 დოლარი გადამახდევინეს. მოგვიანებით, დათა ახალაიამ შემომითვალა, 10 “ტოიოტას” მარკის ჯიპი გვიყიდე და შეგეშვებითო. ავდექი და საზღვარგარეთ წავედი. ანასტასია და ჩემი ნათესავები ციხეში ჩემი “ურჩობისთვის” ჩასვეს“, – აცხადებს ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი.