„სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ“ – რას აცხადებს უკრაინის შს მინისტრი სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ?

უკრაინის პრემიერ-მინისტრის გარდა, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრიც ღიად დაუპირისპირდა – უკრაინის მთავრობის საბჭოზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო, სადაც არსენ ავაკოვი საქართველოს ექსპრეზიდენტს ჭიქას ესვრის, უკრაინელი და ქართველი საზოგადოების აქტიური განხილვის საგანი გახდა. რატომ უჩივის მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში და რა ბრალდებებს უყენებს ის ოდესის გუბერნატორს, ამის შესახებ არსენ ავაკოვი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
“ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ამ ვიდეოს ყურებამ მოუწია. ემოციებს ავყევი, მაგრამ ყალბი ადამიანი არა ვარ – თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს, პასუხს მაშინვე ვცემ. რეალურად უკრაინული პოლიტიკა კიდევ უფრო ბინძურია. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და ხელისუფლებაში ახალგაზრდა, ნაკლებად ემოციური ადამიანები მოვლენ. მას ასეთი მეთოდი აქვს – ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში? სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა.
ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობრულად ვისაუბრეთ რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მითხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო. იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტრიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მეორე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც-მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება – ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, – აცხადებს ავაკოვი.
ავაკოვის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი ინფორმაციით, იგივეს აპირებს არსენ იაცენიუკიც.
“იაცენიუკიც ანალოგიურად მოიქცევა. სააკაშვილს მოუწევს დამტკიცება, რომ ქურდი ვარ. ხელისუფლებაში მსგავსი დაპირისპირება სახელმწიფოს ვნებს, მაგრამ პოპულიზმი, რის უფლებასაც სააკაშვილი საკუთარ თავს აძლევს, ბევრად სახიფათოა. ჩვენ ვალდებულნი ვართ კრიტიკა მოვისმინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება თანამდებობიდან გაგვათავისუფლებს და უკეთეს კადრს აირჩევს, მაგრამ როდესაც საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პირი დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს სერიოზული პრობლემაა“, – აღნიშნავს ავაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები