„თუ ვინმე მეტყვის, რომ გირგვლიანის საქმეზე შესაძლებელი იყო, დამდგარიყო სხვა გადაწყვეტილება, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ“

იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება მივიღე, მიღებულია აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრები მურუსიძისგან დაინტერესდნენ, გახმაურებულ, მათ შორის გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
“იმ საქმეებზე, რომლებზეც გადაწყვეტილება მივიღე, მიღებულია აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება და სასამართლოს სხვა საშუალება არ ჰქონდა. იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რა ფაქტობრივი გარემოებებიც იყო თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, თუ ვინმე მეტყვის, რომ რაიმე სხვა, ალტერნატიული გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ”, – განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ კითხვებზე მისი მხრიდან პასუხები იყო კვალიფიციური.
“დაისვა ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას აინტერესებს. ავუხსენი ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით და საბჭოს გადასაწყვეტია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დამიჭერენ, დანარჩენი წევრები კი დღევანდელი გასაუბრების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. დაისვა ყველა კითხვა და გავეცი კვალიფიციური პასუხები”, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები