ძალიან მძიმე მდგომარეობა არის რუსთაველის გამზირზე. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, ხშირ შემთხვევაში უდიდეს პრობლემას უქმნის საგზაო ნაწილს, ასევე გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.
მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
„ტენდერი გამოცხადებული გვაქვს, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ვინ იქნება გამარჯვებული ვინც უშუალოდ სამუშაოებს შეასრულებს და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობა არის რუსთაველის გამზირზე. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, ხშირ შემთხვევაში საგზაო ნაწილს უდიდეს პრობლემას უქმნის, ასევე გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს. ძალიან ბევრი შენობის სარდაფი წყლით არის სავსე, იმის გამო, რომ კომუნიკაციები არის დაზიანებული, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული, განახლებული და ერთ-ერთი ულამაზესი გამზირი იქნება, როცა სამუშაოები დასრულდება. გვინდა, რომ სექტემბრისთვის მთლიანად დასრულებული იყოს რეაბილიტაცია, შემდეგი ეტაპი იქნება არსებული შენობა-ნაგებობების განახლება, სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.