ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლებმა აქცია გამართეს

ავტოავარიის შედეგად დაღუპული 26 წლის პოლიციელის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, რასაც მანუჩარ კოჩალიძის ოჯახის წევრები აპროტესტებენ და მოითხოვენ ბრალდებულის დაკავებას, მოსამართლისთვის საქმიანობის შეწყვეტას და საქმის ობიექტურად გამოძიებას. მათ ტრანსპარანტებიც მიიტანეს წარწერებით: “მკვლელი ციხეში”, “მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს აეკრძალოს სასამართლოს ჩატარება”.
გარდაცვლილის მამამ – მურმან კოჩალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გურამ ბორცვაძემ მძიმედ დაშავებული მისი შვილი მიატოვა და მიიმალა. მისივე ინფორმაციით, ის გორში დააკავეს, თუმცა მაღალჩინოსნის მფარველობით მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ საპატიმრო მალევე დატოვა.
“ჩემს შვილს სახლიდან 50 მეტრში ბორცვაძე მანქანით დაეჯახა და ადგილზე მოკლა. სამუხრუჭე სისტემა არ გამოუყენებია არც დარტყმის მომენტში და არც შემდგომ. ის პირდაპირ მანქანის გაუჩერებლად გაიქცა. პროკურატურა ითხოვდა ორთვიან წინასწარ პატიმრობას, თუმცა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ის 15 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩვენ ვითხოვთ, ასეთი დამნაშავის გათავისუფლებისთვის მოსამართლეს აეკრძალოს სასამართლოს სხდომის ჩატარება. მკვლელს მაღალჩინოსნები მფარველობენ, მაგრამ მოვითხოვთ, ის დღესვე ჩასვან ციხეში. საგამოძიებო ჯგუფმა 24 საათში დაიჭირა დამნაშავე, უგუნურმა მოსამართლემ კი ასე დაუსაბუთებლად გარეთ გამოუშვა”, – აღნიშნა მურმან კოჩალიძემ.
აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საქმეში ვიღაც არის ჩარეული.
“ავარიის შემდეგ დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, არ გაგებინა არც სასწრაფო დახმარებას და არც სამართალდამცველებს საქმის ვითარება. არსებობს ეჭვი, რომ საქმეში ვიღაც არის ჩარეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს პატიმრობა არ ასცდებოდა. მსგავს შემთხვევებში სასამართლო, აღმკვეთი ღონისძიების გარდა, სხვა სასჯელს არ იყენებს”, – აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები