გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქალაქ სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დანიელ მიტოვს შეხვდა.
როგორც შეხვედრისას ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბულგარეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და მზადაა ინტეგრაციის პროცესში მეთოდური და ლოგისტიკური დახმარება გაუწიოს ქვეყანას.
მინისტრებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალზე, რასაც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულება შეუძლია. ამ კონტექსტი აღინიშნა ფოთი-ბურგასისა და ფოთი-ვარნას სატრანსპორტო დერეფნის მზარდი მნიშვნელობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ქვეყანებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება.
მინისტრმა კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მის კოლეგას ბულგარეთის მიერ ნატოს “ღია კარის” პოლიტიკისა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაში საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ინიციატივებში მონაწილეობისათვის.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ეკონომიკური მიმართულების გაძლიერების კონტექსტში ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ასევე მინისტრებმა ისაუბრეს ინტენსიური ორმხრივი დიალოგის გაგრძელებაზე, მინისტრ მიტოვის საქართველოში ვიზიტისა და 2016 წელს თბილისში დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკას პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები